საქართველო უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს. "აი-თი-ბი ბერლინი 2023-ისთვის" გერმანიის დედაქალაქში საქართველოსთვის სპეციალური სივრცე გამოიყოფა, სადაც ქვეყანამ ყველა ტურისტული პროდუქტი უნდა წარმოაჩინოს, ქართულ მხარეს ევალება სხვა ქვეყნების მასპინძლობაც.
მორიგი წარმატება მსოფლიო ტურიზმის რუქაზე - "აი-თი-ბი ბერლინი" - ასე ჰქვია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, რომლის მასპინძელი მომდევნო წელს საქართველო იქნება. ამ სტატუსით, ქვეყანა ტურისტულ პროდუქტებს გამოფენის 200 ათას სტუმარს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს გააცნობს. ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტთან თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი ოფიციალურად მოეწერა.
ტურიზმის ადმინისტრაციაში დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც საქართველო 2023 წელს ბერლინში უმასპინძლებს, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. მასპინძელი სტატუსის მინიჭებით საქართველოს საერთაშორისო მედია კამპანიებში ჩართვის უნიკალური შანსი ეძლევა, რაც ქვეყანას საერთაშორისო დონეზე უფრო ცნობადს და მიმზიდველს გახდის.
ქართველ ტურ-ოპერატორებსა და გერმანელ კოლეგებს შორის დღესვე გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. სექტორის ქართველი წარმომადგენლებისთვის "აი-თი-ბი ბერლინის" შესახებ სპეციალური პრეზენტაციაც მოეწყო. გამოფენა 2023 წლის მარტში, ბერლინში გაიხსნება და საქართველო 160 ათას კვ. მეტრი ფართის სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს, განსაკუთრებული პოზიციებით დაიკავებს.
"აი-თი-ბი ბერლინი" 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.