20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ნუ გახდებით სიკვდილის დისტრიბუტორები" - თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს

"ნუ გახდებით სიკვდილის დისტრიბუტორები" - თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა  ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგის წარმოებისთვის საგანგაშოდ მასშტაბურია.

"ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს. კომპანია "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტარატეგიის მოტივით, უკანონოდ ასპონსორებს ექიმებთან შეხვედრებს, რომელთა მიზანია მოდერნიზებული, ახალი ტიპის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაცია.

ინდუსტრიის განსაკუთრებული სამიზნეა ოჯახის ექიმები, სტომატოლოგები, კარდიოლოგები, პულმონოლოგები და ონკოლოგები, ის მიმართულებები, სადაც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით ყველაზე ხშირად ხვდებიან პაციენტები. ინდუსტრიის მიზანია, გადაიბიროს ექიმები, რომლებმაც პაციენტებს ერთი მომაკვდინებელი პროდუქტიდან, კლასიკური სიგარეტიდან ახალ, მოდერნიზებულ სასიკვდილო პროდუქტზე გადასვლა უნდა ურჩიონ და გახდნენ სიკვდილის დისტრიბუტორები, მაშინ, როდესაც ექიმის მისიაა, დაეხმაროს თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე დამოკიდებულ პირებს,  საბოლოოდ გათავისუფლდნენ ლეტალური პროდუქტისგან.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინდუსტრია გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივას, ისევ მის მიერ დაფინანსებული კვლევებისა და მოსყიდული მეცნიერების მოსაზრებებით "ამყარებს".

საგანგაშოა, რომ ინდუსტრიის ამ ტიპის აქტივობებს დაემატა ახალგაზრდული ბანაკების, ე.წ. „დისრაფ ქემფი“ ორგანიზებაც, რაც გულისხმობს წარჩინებული ახალგაზრდების დამუშავებას და მათში ლოიალობის გაჩენას მკვლელი პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესის მიმართ. მიზანი ნათელია, ეს ახალგაზრდები ხვალ ქვეყნის მართვის სათავეში იქნებიან და მხარს დაუჭერენ თამბაქოს ინდუსტრიის კერძო და ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგო ინიციატივებს.

ექიმების, ახალგაზრდების, პოლიტიკოსების და ნებისმიერი სოციალური ჯგუფის მოსყიდვის მცდელობა აკრძალულია თამაბქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით, თამბაქოს კონტროლის ეროვნული კანონდებლობით და დაწესებულია შესაბამისი სანქციები.

სამწუხაროდ, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, უკანონო და არაჰუმანური აქტივობები არ შეწყვიტეს. მეტიც, უფრო გაიზარდა მთავარი აქტივისტების რაზმი, რომელსაც, პარადოქსია, მაგრამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები და მოადგილეები შეადგენენ. მთავარი აქტივისტები არიან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები ანდრია ურუშაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიგი წერეთელი, ასევე მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ჯუღელი. სოციალური კვლევების ინსტიტუტს, რომელიც კომპანია "ფილიპ მორისისაგან" აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისთვის პირდაპირ ფინანსდება, შეემატა  ჯანდაცვის კვლევის კავშირიც (დირექტორი მაია ბუწაშვილი, კვლევების დირექტორი გიორგი კამკამიძე).

მოვუწოდებთ ყველა ექიმს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს, ჯანდაცვის და სამედიცინო პროფილის არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიებებში. ასოციაციებმა წევრობა შეუწყვიტონ ზემოაღნიშნულ პირებსა და ორგანიზაციებს.

მივმართავთ საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს, აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს შეუწყვიტონ მიმდინარე დაფინანსება და მომავალში მათზე არ გასცენ  გრანტი, ან ტექნიკური დახმარება.

მოვუწოდებთ ფინანსურ და სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც ევალებათ შესაბამისი უკანონო აქტივობების აღკვეთა და სანქციების დაკისრება, დროულად და ეფექტურად მოიკვლიონ ყველა კონკრეტული აქტივობა და შესაბამისი სამართლებრივი ზომები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანიზაციებისგან მსგავს, მავნებლურ ქმედებებზე წაყრუება  და კანონის უგულვებელყოფა აღიქმება, როგორც თამბაქოს ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი ინტერესების მფარველობა,"- აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში. 

დღის ამბები