სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს მეუფე შიომ ტრადიციული ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა გარემოებაში, მათ შორის, სამწუხაროშიც კი შეიძლება ყველაზე მთავარი რამ მივიღოთ, ყველაზე მთავარი გამოცდილება, რაც არის დანახვა უფლისა.
"როცა ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში თუ ჩვენს გარშემო ამდენ ტრაგედიას, ხშირად ვბრკოლდებით , ვიბნევით და გვავიწყდება ეს სწავლება უფლისა, რომ ყველა გარემოებაში, მათ შორის სამწუხაროშიც კი, შეიძლება მივიღოთ ყველაზე მთავარი რამ, ყველაზე მთავარი გამოცდილება, ეს არის დანახვა უფლისა, შინაგანი თვალების ახელა, ფერისცვალება და შეხვედრა ღმერთთან. ეს არის უმთავრესი, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სატანჯველი, რომლისაც ჩვენ ასე გვეშინია ხოლმე.
ღმერთი ადამიანს ბევრ რამეს აძლევს, მრავალ სიკეთეს აძლევს, მაგრამ თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ ეპყრობა როგორც ღვთისგან ბოძებული ნიჭს, მაშინ უფალი როგორც მოსიყვარულე მამა არ დაუშვებს, რომ ასეთი ადამიანი ამ თავის ცრუ და მოჩვენებით კეთილდღეობაში დაიღუპოს და ამიტომ შეიძლება მწუხარების სახითაც შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. ესეც სამკურნალო საშუალებაა, ოღონდ ცოტა უფრო მწარე", - აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი)