კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ზაჰესში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხანძარი მაღალი ძაბვის ქვესადგურში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე გაჩნდა და მოკლე დროში ახლოს მდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე გავრცელდა.
მათი განცხადებით, მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების და ზარალის ოდენობის დადგენა. ჰესის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაში ცეცხლი არ გავრცელებულა და არავინ დაშავებულა.
კომპანიის ინფორმაციით, ასევე, არ დაზიანებულა ჰიდროელექტროსადგურის არც ერთი შენობა.
"ხანძარი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ქვესადგურზე ლიკვიდირებულია, ღამით ხანძარი გაჩნდა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ქვესადგურში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე. ცეცხლი მოკლე დროში გავრცელდა ახლოს მდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე. ხანძარი ოპერატიულად დააფიქსირა ჰესის მორიგე პერსონალმა და სამაშველო სამსახურის შესაბამისმა მეხანძრე ბრიგადებმა დროის მოკლე მონაკვეთში დაიწყეს ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. "ეპ ჯორჯია გენერაციის" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" შესაბამისი სამსახურები, ასევე, ადგილზე ახდენდნენ ოპერატიულ რეაგირებას, უზრუნველყოფილ იქნება უსაფრთხოების მოთხოვნები. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების და ზარალის ოდენობის დადგენა.
ჰესის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაში ცეცხლი არ გავრცელებულა და ეს ისედაც გამორიცხული იყო, ქვესადგურის მდებარეობიდან გამომდინარე. ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომლები არ არიან დაშავებულები. ასევე, არ დაზიანებულა ჰიდროელექტროსადგურის არცერთი შენობა, მათ შორის არც სამართავი პულტი და არც სამანქანო დარბაზი," - ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.