ბინა ორთაჭალაში, სადაც პოლიციამ წუხელ ძმები - დავითი და გუგა კაკულიები დააკავა, მეზობლების ინფორმაციით, მეპატრონეს დღიურად ჰქონდა გაქირავებული. ადგილობრივები სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ.
ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა სახლი გაჩხრიკეს და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, გამოძიება, სავარაუდოდ, სწორედ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.
ვრცელდება დაკავების რამდენიმე ვერსიაც, ერთ-ერთი მათგანის თანახმად, კაკულიები, რომლებიც მანამდე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან იყვნენ დაკავშირებული, ამჯერად, შესაძლოა, არაყიშვილზე მომხდარ ინციდენტთანაც იყვნენ კავშირში.
შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე პარასკევს მოხდა. მოპედით მოძრავმა ორმა პირმა, ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია გაისროლა, ორივე მამაკაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.