საქართველოს მთავრობის წევრებსა და მსოფლიო ბანკს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი. მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახულია საქართველოს მიღწევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მისი მიზანია, აღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.
მემორანდუმში საუბარია ქვეყნის მიერ რეფორმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტრუქტურული და სივრცითი ტრანსფორმაცია, პროდუქტიულობის გაზრდა სხვადასხვა სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა.
ქართული მხარისგან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ, დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.
"ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ძალიან კარგად ვითარდება, ეკონომიკა გაიზარდა და გაუმჯობესდა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. განახევრდა სიღარიბის მაჩვენებელი და ყოველივე ეს ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლებია. ახლა კითხვა ისმის ასე: როგორ შეიძლება საქართველოში ეკონომიკური ზრდის გაგრძელება, რათა უფრო კონკურენტუნარიანი და დანარჩენ მსოფლიოსთან უკეთ დაკავშირებული იყოს? სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს დღეს წარმოდგენილ ანგარიშში.
დღეს შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი მიგნებების განსახილველად. მათი შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინებით მოხდება მსოფლიო ბანკის ამ ანგარიშისთვის საბოლოო სახის მიცემა და საჯარო გამოქვეყნება. ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, რადგან ვხედავთ როგორ შეიძლება საქართველო განვითარდეს არსებული დონიდან და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის რიგებში აღმოჩნდეს. ეს იქნება ჩვენი მიზანი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აქამდეც წარმატებით ვმუშაობდით საქართველოში და ამ პროცესს გავაგრძელებთ ქვეყნის უწყვეტი განვითარების გზაზე," - აცხადებს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თანასწორი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუციების სფეროს დირექტორი ლალიტა მურთი.