20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
უშბასა და თეთნულდის მარადიული სიყვარული და მესტიის თეატრში მარიონეტების სპექტაკლით გაცოცხლებული ისტორია

თუ სვანეთში ჩახვედით და ისეთი ამინდი დაგხვდათ, რომ ერთდროულად დაინახეთ უშბაც და თეთნულდიც, ეს ნიშნავს, რომ დიდი ბედნიერების მომსწრე ხართ.

სვანური მითოლოგიის მიხედვით ასეთი ამინდი მარადიულად ერთმანეთზე შეყვარებული უშბას და თეთნულდისთვის ერთმანეთის დანახვის ერთადერთი შანსია. თქმულების თანახმად, თეთნულდი მზის ასულია, რომელსაც ადამიანი შეუყვარდა, მზემ კი მისი სატრფო სამუდამოდ დაწყევლა და გაქვავებულ მყინვარად, უშბად აქცია.

მითი ამჯერად მესტიის თეატრში მარიონეტების სპექტაკლით გააცოცხლეს, ადგილობრივ თეატრში კი მაყურებლის წინაშე ძირითადად მოყვარული მსახიობები და მოსწავლეები წარდგნენ. სპეციალურად უცხოელი ტურისტებისთვის გაკეთდა სპექტაკლის ჩანაწერიც, რომელსაც სუბტიტრები მოჰყვება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნაჩვენები სპექტაკლის შემდეგ, მესტიის თეატრი ახალ რეპერტუარზე მუშაობს, რომელიც ხალდეს აჯანყებას მიეძღვნება.

უშბასა და თეთნულდის მარადიულ სიყვარულზე სვანური მითოლოგია მოგვითხრობს. კოშკების მხარეში დღესაც არსებობს რწმენა, რომ მზის ასულს ადამიანი შეუყვარდა, განრისხებულმა მზემ კი შვილის რჩეული დაწყევლა.

ფოლკლორული ტექსტი იქცა წარმოდგენად, სადაც მითოლოგიურ პერსონაჟებს მარიონეტები განასახიერებენ. სპექტაკლში მზეს რამდენიმე სახე აქვს, მთვარე კი მზის უარყოფილ ქალიშვილს მფარველობს, სწორედ მთვარე აქცევს დამწუხრებულ ასულს თეთნულდად, იმისთვის, რომ მარად ხედავდეს უშბად გაქვავებულ სატრფოს. ყველა რეკვიზიტი, დეტალი, პატარა ორნამენტი სცენაზე თუ გაჟღერებული ხმა სვანურ კულტურას გამოხატავს.

თოჯინები, დეკორაცია რეჟისორმა დასის წევრებთან ერთად შექმნა, მესტიაში ჩაიწერა სპექტაკლის ხმაც. ადგილობრივი თეატრის დასში უმეტესად მოყვარული მსახიობი და მოსწავლეები არიან.

სპექტაკლი უშბა და თეთნულდი დამოუკიდებლობის დღეს ღია სივრცეშიც ითამაშეს. სვანურ მითოლოგიას გაეცნო ასობით ადამიანი. მესტიის თეატრის მთავარი მიმართულებაც სწორედ ისტორიის და ფოლკლორის შენახვა და შეხსენებაა. მომავალში დაგეგმილია სცენაზე ხალდეს აჯანყების გათამაშებაც, რაც თეატრის ხელმძღვანელის აზრით დღევანელ რეალობაში თანადროული იქნება.

ვიდრე რეპერტუარს ახალი სპექტაკლი დაემატება, მესტიის სტუმრებს თეატრში "უშბა და თეთნულდი" ელოდებათ. ამბავი სვანეთის პატარძლისა და მისი პირმშვენიერი ჭაბუკისა.

 

დღის ამბები