ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია - სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ბრატისლავაში. პრემიერ-მინისტრი გლობალური უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს.
მან ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა, გაიხსენა 2008 წლის ომი და კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველოს, ევროპული არჩევანისთვის, მაღალი ფასი აქვს გადახდილი.
ასევე საქართველოს პრემიერმა ისაუბრა სტატუსის მინიჭების მოლოდინზეც.
"ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ამბიციურ რეფორმებს ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული ყველა მიმართულებით - სასამართლო სისტემა, მედია თავისუფლება, კონსოლიდაცია ხდება დემოკრატიის. 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და ეს არის ჩვენი გენგეგმა საქართველოს ევროპეიზაციისთვის, დემოკრეტიზაციისთვის და ბუნებრივია, მიღწეული გვაქვს ხელშესახები შედეგები.
რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ახლა გადამწყვეტი დრო არის, როცა ვხედავთ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში. ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო. საქართველოში იყო ომი გაცილებით უფრო ადრე, 2008 წელს. ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. საქართველოს მოსახლეობამ გადაიხადა ფასი. 90-იანებში ორი ომი გვქონდა რუსეთთან მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შემართულობის საკითხი, ჩვენი არჩევნისა და ცივილიზაციური საკითხი
ჩვენ ვსაუბრობთ ევროპელ მეგობრებთან, პირადად ვესაუბრები ჩემს კოლეგებს. მრავალი შეხვედრა, სატელეფონო ზარი მქონდა. ორი კვირის წინ ვიყავი ბრიუსელში, შევხვდი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელს. ჩემი გზავნილი ასეთია - ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიჭება სტატუსის ან არმინიჭება. ეს პოლიტიკური, სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს. მე ვილაპარაკებ ჩემს ქვეყანაზე. საქართველო ლოიალურია ევროპული სტანდარტების, ფუნდამენტალური ღირებულებების და ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. ჩვენ პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ახალა კი ყველაფერი ევროპაზეა დამოკიდებული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიმდინარე დისკუსიის მთავარი თემა, აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცებაა. განხილვაში მონაწილეობს მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუც.