15 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
ახლა საუბარი იმაზე, რომ ელენე ხოშტარია რაღაც მემკვიდრეობით შემოსავლებს იღებს რუსეთიდან, აბსოლუტურად გაუგებარია - ლევან ბეჟაშვილი

ელენე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ - ამის საფუძველი მედიით გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. ამავდროულად კი, ის თავად ითხოვს მოსკოვთან დაკავშირებული პირების სანქცირებას.

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთიდან მის ოჯახს თანხა მართლაც ერიცხება, რომელიც სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობას უკავშირდება.

უფრო კონკრეტულად კი, გოგი ხოშტარია, პოლიტიკოსის მამა, ცნობილი თეატრის მხატვრის მემკვიდრეა და ის უკვე 25 წელია სპექტაკლებიდან ჰონორარს იღებს.

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი, ელენე ხოშტარიას მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებებს მიუღებელს უწოდებს:

"აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის ბრალდება, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან კეთდება. ახლა საუბარი იმაზე, რომ ელენე ხოშტარია რაღაც მემკვიდრეობით შემოსავლებს იღებს და ავტომატურ რეჟიმში ირიცხება, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს არის ხაზი, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს თავისი პრორუსული იდეოლოგია გადააბრალოს პროდასავლურ ოპოზიციას,"- აცხადებს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ახლა ამ თემაზე აქცენტის გაკეთება, როდესაც უკვე 25 წელია თანხა ირიცხება, პროპაგანდის ხასიათს ატარებს: 

"როგორც ვნახე მისი პოსტი, 25 წელია ეს ასე ხდება და როდესაც დღეს, კონკრეტულ მომენტში კეთდება ამაზე აქცენტები, ეს, რა თქმა უნდა, ატარებს პროპაგანდის ნიშნებს. რატომ ახლა და რატომ ვთქვათ 10 წლის წინ არა. თუ ეს არის ურთიერთობა, რომელიც 25 წელია არსებობს თეატრსა და სამართალმემკვიდრეს შორის, რომელიც როგორც მე მივხვდი მისი მამაა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები