19 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
Reuters: გაზის კრიზისის გამო გერმანია რეცესიის რისკის წინაშეა

იმ შემთხვევაში, თუ ისედაც შეფერხებული რუსული გაზის მიწოდება მთლიანად შეწყდება, გერმანიას რეცესია ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" გერმანიის მრეწველობის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს. უწყებაში ამის შესახებ მას შემდეგ თქვეს, რაც იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის,  ზამთარში ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად კომპანიებს გაზის საწყობების შევსებაში ფინანსურად დაეხმაროს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ბრძოლის ეპიცენტრში ენერგოსაკითხები მოაქცია, ევროკავშირის ბალტიურმა ქვეყნებმა კრიზისთან გასამკლავებლად გარკვეული ზომები შეიმუშავეს. ომის დაწყებამდე ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებდა, კონკრეტულად გერმანია კი - 55%-ს. აღნიშნული დანაკლისის შევსება ისედაც მჭიდრო გლობალური გაზის ბაზრის პირობებში უნდა განხორციელდეს. საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილება ნახშირის ელექტროსადგურების დახურვის შესახებ.

გაზის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც ინფლაციისა, და პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამწვავება გამოიწვია.

გერმანიის მრეწველობის ფედერაციამ გასულ კვირას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საგრძნობლად შეამცირა. ასოციაციის თანახმად, რუსული გაზის მიწოდების შეჩერება ევროპის უდიდეს ეკონომიკაში რეცესიას გარდაუვალს გახდის. რუსული გაზი ისევ უკრაინის გავლით, თუმცა შემცირებული ტემპით მიედინება, ხოლო Nord Stream 1 მილსადენის გზა, რომელიც გერმანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბალტიის ქვეყნებზე გადის და ის 40%-იანი დატვირთვით მუშაობს.

მოსკოვის პოზიციით, ამის მიზეზი დასავლეთის სანქციებია, რამაც მილსადენისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოებს შეაფერხა, ევროპა კი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ნაკადების შემცირების საბაბია.

ევროპის მიზანია, მილსადენის გზით მიწოდების მეტი ალტერნატივა მოიძიოს ადგილობრივი მწარმოებლებისგან, როგორიცაა ნორვეგია, თუმცა ქვეყნები უკვე აღწევენ მიწოდების ლიმიტებს.

დღის ამბები