15 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
ევროპარლამენტმა კანდიდატის სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო - საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა დღის მეორე ნახევარში  უნდა მიიღონ

დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის 27-მა ლიდერმა დახურულ კარს მიღმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატობის სტატუსზე, გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე მიიღებენ.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭიროა კონსენსუსი. პარალელურად, პოლიტიკური რეკომენდაციები ლიდერებს ევროპარლამენტმაც გაუგზავნა, რომელსაც რეზოლუციის ფორმა აქვს. 

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე მიიღო. რეზოლუციის თანხმად, რომელსაც 529 მომხრე, 45 მოწინააღმდეგე ჰყავდა, სამიტში მონაწილე სახელმწიფოები ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართთველოს მთავრობა ევროკომიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობენ "რუსთავი2-თან" ევროპელი პარლამენტარები. მარკეტა გრეგორევა ამბობს, რომ არავინ დაობს ქართველების პროევროპულობის საკითხზე თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობების საფუძველზე მოხდება:

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს თქვენს დაბლოკვას არ ნიშნავს. პირიქით, ჩვენ გეუბნებით რომ ძალიან გვსურს თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების საფუძველზე. ამისთვის აუცილებელია საქართველოს მთავრობამ განახორციელოს რეფორმები. ეს სულაც არ არის ძალიან რთული დავალება. მე ვნახე აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივია. ასეთ მასშტაბს ნამდვილად არ ველოდი.. ჩვენ ვაფასებთ ამას. არავინ დაობს ქართველების პროევროპულობის საკითხზე. პოლიტიკაში სრულიად ბუნებრივია აზრთასხვადასხვაობა. თუმცა როდესაც მაგიდასთან ჯდები უნდა შეძლო კომპრომისის მიღწევა და ამავდროულად შესრულებაც. ჩვენ ვნახეთ როგორ ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები შარლ მიშელის შეთანხმებაზე. ასე არ შეიძლება, რომ ვერასოდეს ვერაფერზე ვერ თანხმდებოდნენ პოლიტიკური ძალები. ეს ქმნის პოლარიზებას ყველა მიმართულებით. კომპრომისის მიღწევა სარგებლის მომტანია მოსახლეობისთვის. საქართველოსთვის კარი ფართოდ ღიაა," - განაცხადა მარგარეტა გრეგორევამ.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთან მიმართებაში ამბობს, რომ შეცდომები უნდა გამოსწორდეს მთავრობის და ოპოზიციის მხრიდან  და საუკეთესო გამოსავლია ეროვნული ერთიანობის მიღწევა:

"ევროპარლამენტის უმრავლესობა კომისიის სულისკვეთებას იზიარებს . ყველაფერს რაც ეხება უკრაინას , მოლდოვასა და საქართველოს. კომისიამ მკაფიოდ განსაზღვრა თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ სტატუსის მოსაპოვებლად. დეპოლარიზაცია არის მნიშვნელოვანი. შეცდომები უნდა გამოსწორდეს მთავრობის და ოპოზიციის მხრიდან. საუკეთესო გამოსავალია ეროვნული ერთიანობის მიღწევა. იმისთვის რომ ევროპას მკაფიო გზავნილი გაუგზავნოთ - საქართველოს შეუძლია დაძლიოს პოლარიზაცია, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთიანები," - აღნიშნა ანდიურს კუბილიუსმა.

დღის ამბები