"მზად ვარ პოზიციური მედიასთან და ენჯეოებთან ყველა დოკუმენტი გავასაჯაროვო" , - ასე უპასუხა დღეს ელენე ხოშტარიამ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გადმორიცხვების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მოწოდებას.
რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, პოლიტიკოსი ამბობს, რომ მზადაა რუსეთიდან ტრანზაქციების 25 წლიანი ისტორია მისთვის სასურველ მედიას და არასამთავრობოებს წარუდგინოს. "დროას" ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მილიონობით რუბლი სამემკვიდრეო ანაზღაურებაა.
ხოშტარიას პასუხს დაგვიანებულს და არადამაჯერებელს უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ, ოპონენტს გადარიცხვების ისტორიის გასაჯაროვება წინასწარი დათქმების გარეშე ურჩია. მმართველი გუნდის ლიდერი ფიქრობს რომ მილიონობით რუბლი და ათიათასობით დოლარი ხოშტარიების ვერსიას სამემკვიდრეო თანხებზე საეჭვოს ხდის. მისი თქმით, მსგავსი მეთოდებით ანაზღაურება რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ჰგავს.
ელენე ხოშტარიასგან მეტ სიცხადეს ითხოვენ მისი კოლეგებიც. ოპოზიციის ნაწილისთვის პოლიტიკოსის მხრიდან, ნებისმიერი მოტივით, რუსეთიდან თანხების აღება მორალურ პრობლემას ქმნის.
რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან შესრულებულ ტრანზაქციებში პრობლემას ვერ ხედავს "ნაციონალური მოძრაობა". ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ საავტორო უფლებებით მიღებული ანაზღაურება თუნდაც რუსეთიდან დასაშვებია.
"დროას" ლიდერის მოსკოვიდან მიღებული თანხები ორმაგი სტანდარტის მტკიცებულებაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლების თქმით, მაშინ როცა ელენე ხოშტარია ნებისმიერი ადამიანის დასანქცირებას ითხოვს, ვისაც შესაძლოა რუსულ ფინანსებთან კავშირი ჰქონდეს, რუსეთიდან ჩარიცხული ჰონორარები მისი პოლიტიკურ აქტივობის სიყალბეს ადასტურებს.
ინფორმაცია ხოშტარიების ოჯახისთვის მოსკოვიდან სოლიდური თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. პოლიტიკოსი მზადაა, რომ ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს, თუმცა როდის, ამას არ აკონკრეტებს.