15 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"ეს ილეთები ძალიან მოძველებული და გაშიფრულია, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან დიდი ხნის წინ გავწყვიტეთ" - გიორგი ცაგარეიშვილი

ბათუმის ნავსადგურში ტანკერის შემოსვლას პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა განცხადებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს ეს არის ოპოზიციის და დავით არახამიას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც უკვე ხელისუფლებას გაშიფრული აქვს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ყველა სახის დიპლომატიური თუ პოლიტიკური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებას. 

"ჩვენ ყველანაირი დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან დიდი ხნის წინ გავწყვიტეთ. სხვათა შორის მაშინ გავწყვიტეთ, როცა უკრაინელები ტაშს უკრავდნენ რუსული ინტერესების გაღვივებას უკრაინის ტერიტორიაზე. ახლა რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ამ ვაჟბატონმა რომ, როგორმე დაგვაკავშიროს ჩვენ ერთმანეთთან და როგორმე ჩაგვითრიონ ამ უბედურებაში რასაც ომი ჰქვია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან არაფერი არ გამოვა.

ეტყობა ის გემიც  მიხეილ სააკაშვილის სახელობის პორტიდან არის გამოსული, როგორც ჩანს და  ის საწვავიც არახამიამ უხვად ჩაასხა იმ ტანკერში, რომ ის გემი აქ შემოპარულიყო და მერე გამოსულიყო ის ვაჟბატონი ვაშინგტონში, ბრიუსელში თუ არ ვიცი სად და ეთქვა, რომ ეს გემი ახლა შემოიპარა და ხომ გეუბნებოდით, ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა კავშირშია, აგერ ცაგარეიშვილიც არის ერთ-ერთი მეპატრონე იმ ტანკერის, იმდენი მაგას რა ვუთხარი მე. ეს ილეთები ძალიან მოძველებული და გაშიფრულია, ნუ წვალობს ეს ადამიანი ,"-აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი შეტევა ხელისუფლებაზე და კერძოდ ივანიშვილზე. 

"ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოზე ზოგადად, ბიძინა ივანიშვილზე, მთავრობაზე. ეს ერთი კიდევ წარმოიშვა, უკრაინის მედიაც ავრცელებდა, "ნაცმოძრაობაც" რა საკვირველია, ტანკერის თაობაზე, რომელიც თურქეთის დროშის ქვეშ ცურავდა, რეიდზე იყო, როგორც გახდა ცნობილი, ფოთის პორტში, რომელიც სხვათა შორის ამერიკელებმა ააშენეს, რომ თითქოს მას იქ უნდა შემოეტანა რუსული ნავთობი.

რეიდზე იდგა, ტვირთი ეკუთვნოდა სანქცირებულ კომპანიას, სანქცირებული ტვირთი იყო და საქართველოს პორტში იგი არ დაუშვეს. ეს არის რეალობა, მაგრამ ამ რეალობას კიდევ რაღაც გარკვეული ეჭვები ახლავს, იმის თაობაზე, რომ რაღაც ტანკერი გამოდის, როდესაც ყველაფერი მოწმდება, ნებისმიერი გემის მოძრაობა ადვილი შესამოწმებელია, მითუმეტეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გამოდის "ნაცმოძრაობამ" ეს ყველაფერი წინასწარ იცის, პოზნერის ჩამოსვლის არ იყოს, ეს არის თემა, შეტევა ასეთი გააფთრებულია,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ბათუმის ნავსადგურზე ტანკერის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, რასაც მალევე გამოეხმაურა დავით არახამია და აღნიშნა, რომ საქართველო სანქცირებულ კომპანიებს ეხმარება სანქციებზე გვერდის ავლაში

დღის ამბები