15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
"ქართული ოცნება" სამ ტელევიზიას კომუნიკაციების კომისიაში უჩივის - რა პასუხი აქვთ მედიამენეჯერებს 

"ქართული ოცნება" სამ ტელეკომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საუბარია 24 ივნისს გამართული აქციის საიმიჯო ვიდეორგოლზე, რომელიც ტელევიზიების ეთერში ტრიალებდა. საპროტესტო აქციის რეკლამაში, "ქართული ოცნების" ლიდერების პოლიტიკური განცხადებებია გამოყენებული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არასაარჩევნო პერიოდში, მსგავსი შინაარსის კონტენტის განთავსება, კანონის უხეში დარღვევაა.

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ტელეკომპანიის მენეჯერები. მათი თქმით, რეკლამა, რომლის მთავარი გმირები პრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი იყვნენ, პოლიტიკურ რეკლამად არ უნდა ჩაითვალოს. მედიამენეჯერების თქმით, ხელისუფლება ამ ფორმით მათ არხებზე ზეწოლას ცდილობს.

კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც მედიასაშუალებებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უკრძალავს, რამდენიმე წელია "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან ერთად სრული კონსენსუსით მიიღო. მმართველი პარტიის ადვოკატი ამბობს, რომ მარეგულირებელს დასაბუთებული სარჩელი წარედგინა. სერგი ჯორბენაძის მტკიცებით, "ფორმულამ", "მთავარმა" და "ტვ პირველმა" სამართლებრივი ნორმა უხეშად დაარღვია, რაც მათი სანქცირების საფუძველი უნდა გახდეს.

ტელეკომპანიების მოსაზრებას ოპოზიციაშიც იზიარებენ. მათი თქმით, საკანონმდებლო ნორმები ქვეყანაში მისაღებია, თუმცა 23-24 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციის საიმიჯო ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს არ შეიცავდა.

ოპონენტებს და მედიამენეჯერებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდან უპასუხეს. კანონმდებლები მათ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ახსენებენ. მათი თქმით, არასაარჩევნო დროს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვა უკვე ხუთჯერ დაარღვია. დეპუტატებს მარეგულირებლისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ.

"ქართული ოცნების" საჩივრის განსახილველი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები