19 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
უკრაინელი სამხედროები ათავისუფლებენ ქალაქებს, რომლებიც პუტინს ჯერ კიდევ პარასკევს თავისი ეგონა

მიროლიუბოვკასა და არხანგელსკოეში უკრაინელი სამხედროები დაბრუნდნენ. ხერსონის ოლქის გარდა, უკრაინულ არმიას წინსვლა აქვს დონეცკში. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია სოფელი ტორსკოე. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღმოჩენილია 100-ზე მეტი დანაღმული ობიექტი.

ტერიტორიების დაბრუნებას წინ დაახლოებით 36 საათიანი აქტიური ბრძოლა უძღოდა. ოკუპანტებმა დაკარგეს ათამდე ტანკი, ჰაუბიცები, თავდაცვის სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის ცნობით, ლიკვიდირებულია 300-ზე მეტი ოკუპანტი. 

რუსეთის სათათბიროს ქვედა პალატამ ანექსიის ბოლო, ფორმალური ეტაპი დაასრულა. 413 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრები. პუტინის პრესმდივანი ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ნებაზე და სავარაუდოდ, 2014 წლის ე.წ "საზღვრებით" იხელმძღვანელებენ.

ფრონტის ხაზზე კი ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რუსული აგრესიის 222-ე დღეს ოკუპანტ ქვეყანას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. მხოლოდ უკრაინის სამხრეთ ნაწილში ჩამოგდებულია 2 Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, განადგურებულია 5 ტანკი და 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ლიკვიდირებულია 40 ოკუპანტი.

წარუმატებლობას რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშით პასუხობენ. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 10 სარაკეტო და 11 საავიაციო დარტყმა განახორციელა. დაიბომბა ზაპოროჟიე. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები დაუპირისპირეს ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით. აქაც მთავარი სამიზნე სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გახდა. ზელენოდოლსკში კი ოკუპანტებმა კასეტური ჭურვი გამოიყენეს. შედეგად დაიღუპა 9 წლის ბავშვი. დენისი ტყუპისცალს გადაეფარა, თავად კი ჭურვის ნამსხვრევს ემსხვერპლა.

დღის ამბები