19 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ცემა და თავისუფლების იძულებით აღკვეთა - გახდება თუ არა "ქართული მაფია" თურქი სამართალდამცველების სამიზნე და რა წერია საქმის ჩვენებებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა

მამაკაცი, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდები ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, გიორგი ნამგალაძეა. ის ოქროს მონეტების გახმაურებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნამგალაძე წერს, რომ მისი ორი ნაცნობი საქმის გასარჩევად თურქეთში დაიბარეს, სცემეს და სარდაფში გამოკეტეს. დაკითხვის ოქმში ნახსენებია ჯეირან კინწურაშვილი, მეტსახელად "ხონსკი“ და მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. "კურიერმა" დღეს "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები მოიპოვა.

გიორგი ნამგალაძის ჩვენება: "დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მე დამირეკა რამაზ გიორგაძემ "ვოცაფში", ვიდეო ზარით. ტელეფონი ეჭირა მამაკაცს, რომელმაც მითხრა, რომ იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი. საუბარში მან თქვა, რომ ამირან ჯაფარიძე და რამაზ გიორგაძე იყვნენ ნაცემები და დამწყვდეული ჰყავდა “პადვალში“. ასევე ვიდეო ზარის მეშვეობით საუბრობდა მინდია ლავასოღლი. მან დამიწყო გინება და უშვერი სიტყვებით მოხსენიება. ასევე მკითხა თუ სად ვცხოვრობდი, რათა ჩემთან გამოეგზავნა თავისი ხალხი საცემად. მე შემეშინდა და მისამართი არასწორად ვუთხარი".

რამაზ გიორგაძის ჩვენება: "მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ხოფაში, ე.წ. "კანონიერ ქურდთან", ჯეირან კინწურაშვილთან. იქ "სკაიპით" ჩაერთო ლავასოღლი, რომელმაც თქვა - ქურდებს როგორ გვატყუებ, მიაღებინეთ მას რაც ეკუთვნისო. ამის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფმა ამირან ჯაფარიძეს მარჯვენა ხელი გაარტყა სახეში". 

ამირან ჯაფარიძეს და რამაზ გიორგაძეს, რომლებსაც თურქეთის ქალაქ ხოფაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხვა რამდენიმე პირთან ერთად საქართველოში ოქროს მონეტები უნდა შემოეტანათ. თანხა ბათუმელმა ოქრომჭედელმა, ლევან აბულაძემ გადაიხადა. საბოლოოდ მონეტები ყალბი აღმოჩნდა, მასში გადახდილი 92 ათასი დოლარი კი სადაო გახდა. შავმა სამყარომ საქმის გასარჩევად მხარეები საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში დაიბარა და მათ ნაწილს, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ოქროს მონეტების საქმეში სულ ცხრა ბრალდებულია. მათი ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. სცემეს თუ არა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა ოქროს მაძიებლები? ჩვენებების მიუხედავად, ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქეთის შემდეგ სადაო თანხაზე გარჩევა ლოტკინზე მდებარე ამ საცხოვრებელ სახლში გაგრძელდა. აქ უკვე საქმეში დისტანციურად კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი" ზვიად პაპიაშვილი ერთვება. კურიერის გადამღებ ჯგუფს მისამართზე არავინ დახვდა. ინფორმაცია სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ მეზობლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თურქეთში მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდების" სახელი ფინანსური დავების გადაწყვეტაში ფიგურირებს. მათ ნაწილს, მსგავს საქმეებზე ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, მათ შორის ჯეირან კინწურაშვილს, რომლის მიმართ საქართველოში ძებნაა გამოცხადებული. კინწურაშვილის ადვოკატი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს კრიმინალურ წრეებთან.

საქართველოში არასასურველ პერსონებად გამოცხადებული "კრიმინალური ავტორიტეტების" დიდი ნაწილი ახლა სწორედ თურქეთშია კონცენტრირებული, თუმცა ბოლო დღეებში, თურქი სამართალდამცველების გააქტიურებამ, შესაძლოა მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

გასულ კვირას, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში, მათ შორის საქართველოს საზღვართან ახლოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკვე აიყვანეს რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფების 200-ზე მეტი წევრი. სპეცოპერაციები ჩატარდა და დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს, ხოფაში, რიზეში, ტრაპზონსა და სხვა ქალაქებში. ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც.

დღის ამბები