19 მაისი 2024,   18:18
ვრცლად
ინვესტორების დაინტერესების კუთხით მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის საქართველო მე-13 ადგილს იკავებს - "ბლუმბერგი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ინვესტორების დაინტერესების კუთხით, მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის საქართველო მე-13 ადგილს იკავებს. კვლევის შედეგებს მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფი "ბლუმბერგი“ აქვეყნებს. კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 000-ზე მეტი წამყვანი კომპანიის დირექტორები მონაწილეობდნენ. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და უპირატესობები განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს. სწორედ ეს განაპირობებს საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას, მათ შორის არის არაერთი ბრენდი და ცნობილი კომპანია.

კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44% კარგად იცნობს ამ მიმართულებით ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა სტრატეგიული მდებარეობა და ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია. სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორის განცხადებით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იქ, სადაც ინვესტორები გადაწყვეტილებებს იღებენ, საქართელოზე ინფორმაცია სოლიდური იყოს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ბლუმბერგის კვლევის შედეგები მისაღებია, თუმცა ისინი სხვა გამოწვევებზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი მონაცემები მიუთითებს საქართველოს სწორ პოლიტიკაზე, როგორც უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ექსპერტების შეფასებით კვლევის შედეგები, ერთგვარი სიგნალია კომპანიებისთვის თუ სად უნდა განათავსონ თავიანთი კაპიტალი. მათივე განცხადებით უცხოელ ინვესტორებს საქართველოში იზიდავთ სტაბილური გარემო და ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი საქარტველოს ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს. 23% კი ცალკეული პროექტისთვის ჩვენს ქვეყანაში 100-200 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს.

დღის ამბები