19 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
საქართველოში ღვინის დღეები გრძელდება - სად როგორ აღინიშნება ღვინის ფესტივალი

საფერავი, ქისი და ალაზნისველი - საოჯახო მარნებიდან ქართული უნიკალური ღვინო მეწარმეებმა, ღვინის ფესტივალზე წარადგინეს. ღვინის კვირეულს დღეს სიღნაღი მასპინძლობს, სადაც მონაწილეობა 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო.

ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება - სიღნაღის ბულვარში მისული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები სხვადასხვა საფესტივალო აქტივობებში ჩაერთვნენ.

ფესტივალის მეოთხე დღე მასშტაბურად აღინიშნა ლაგოდეხშიც. ღონისძიების ძირითადი თემა ღვინო და კინო-მუსიკა იყო. ღვინის კვირეულში მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვისაც საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია სურდა.

დღევანდელი საფესტივალო საღამო კი კახეთში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. მომღერალი ნეკა სებისკვერაძე და „ჩვენი კვარტეტი” მსმენელს ლაგოდეხში შეხვდება. კონცერტს კი დახურავს ”სუხიშვილები”. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარსდგება.

ღვინის კვირეული აღნიშნეს ზესტაფონშიც. იმერული ღვინო და ტრადიციული კერძები ადგილობრივებმა სტუმრებს გაუზიარეს. საბავშვო გასართობი სივრცეები, ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით, - ზესტაფონის საფესტივალო ტერიტორიაზე, ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა თავი.

ღვინის 8000 წლიანი უწყვეტი ისტორია გრძელდება საგურამოშიც. ფესტივალის ფარგლებში, ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში, დავით ლორთქიფანიძისა და დავით მაღრაძის საჯარო ლექცია გაიმართა. "საქართველო ღვინის სამშობლო", - ამ თემის ირგვლივ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გაერთიანდნენ.

ფესტივალის მეოთხე დღეს ხუთმა რეგიონმა უმასპინძლა. ღვინის დღეებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობდა ცაგერშიც.

”ღვინის დღეები საქართველოში”, - ფესტივალმა მთელი საქართველო მოიცვა. კვირეული წელს პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 26 ლოკაციაზე ტარდება.

დღის ამბები