19 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
ვეჭიდავებოდი წყალს, რომ უკან შევბრუნებულიყავი მარიტასთან - რას იხსენებს გმირი მებაღე, რომელმაც 2 ბავშვის სიცოცხლე იხსნა

კაცი, რომელიც ტრაგედიის მომენტს იხსენებს, ვაკის პარკის მებაღეა. ის 5 წელია პარკში გამწვანებაზე ზრუნავს. ასე იყო გუშინაც, იმ მომენტამდე, სანამ ბავშვების ყვირილის ხმა გაიგო, პარკში შეკრებილები შველას ითხოვდნენ. მან საქმე შეწყვიტა და შადრევანის მიმართულებით გაიქცა. ადგილზე მძიმე სურათი დახვდა, ირგვლივ უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები იდგნენ და ყვიროდნენ. წყალში კი, პირქვე 2 ბავშვი ფსკერამდე ჩაძირული იყო, ერთი ბიჭი ზედაპირზე ტივტივებდა. სამივე უგონო მდგომარეობაში. არც მან და არც შეკრებილებმა არ იცოდნენ, რომ ბავშვებს დენმა დაარტყა.

მას შემდეგ, რაც დევი მეზურნიშვილმა 2 ბავშვი წყლიდან ამოიყვანა, მარიტას გადასარჩენად კვლავ წყალში შებრუნდა. პატარა გოგონა შადრევნის ცენტრალურ ნაწილში ფსკერამდე ჩაძირული იყო, მასთან მიახლოება კი ელექტროძაბვის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. 13 წლის მოზარდის წყლიდან ამოყვანა მხოლოდ შადრევნის გათიშვის შემდეგ შეძლო.

"ვეჭიდავებოდი წყალს, რომ უკან შევბრუნებულიყავი, მარიტასთან მიბრუნებული, ვერც ხელს ვერ ვკიდებდი. საბოლოოდ შადრევანი გათიშეს და ხმელეთზე ამოვაგდე. ტოკავდა, გოგო და კიდევ ერთი ბიჭი,"- იხსენებს მებაღე. 

შემთხვევას "ეკოსერვის ჯგუფის" სხვა თანამშრომლებიც შეესწრნენ. ისინი იხსენებენ, რომ წყლიდან ამოყვანილ მოზარდებს პირველადი დახმარება ირგვლივ მყოფებმა გაუწიეს. მონათხრობის მიხედვით, მარიტასა და ერთ მცირეწლოვანს გულისცემა თითქმის არ ქონდათ, მესამე კი გონზე ადგილზე მოვიდა. მან შეკრებილებს უთხრა, რომ ფეხები ტკიოდა. სავარაუდოდ ელექტროტრავმამ ბავშვებს შინაგანი ორგანოები დაუზიანა, რადგან თვითმხილველები ამბობენ, რომ მოზარდებს ზედაპირული დაზიანებები არ ჰქონდათ.

ტრაგედია ვაკის პარკში გუშინ დატრიალდა. 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესი გააცდინეს და სასეირნოდ წავიდნენ. თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, მერვე კლასელებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, 13 წლის ბიჭი წყალში შევიდა, მას მარიტა და მისი მეგობარი მიჰყვნენ.

დღის ამბები