19 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
ტრაგედია ვაკის პარკში - რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ და რატომ არ გამოირთო ელექტროენერგია ავტომატურად

პარკში, სადაც ტრაგედია მოხდა, ახლა ყველას ერთი სასაუბრო თემა აქვს - როგორ გადავიდა დენი წყალზე და ვინ აგებს პასუხს დამდგარ შედეგზე. მოზარდები შადრევნებთან ისევ სეირნობენ და ახლოსაც სხდებიან, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ახლა სისტემა გათიშულია, მაინც ფრთხილობენ. 

არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებები და გაწერილი წესები, თუ როგორ უნდა აეწყოს დენის წყაროზე მომუშავე შადრევნების სისტემა ისე, რომ სიცოცხლის რისკები გამოირიცხოს.

ტუმბოების დაყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დამიწება, ასევე ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და მართვის პულტზე დამონტაჟებული ე.წ. გაჟონვის რელე. წყლის დენის სადენებზე მოხვედრის შემთხვევაში სწორედ რელემ უნდა გათიშოს სისტემა. ამ სისტემის აუცილებლობის შესახებ დღეს "კურიერს" თბილისის მერის მოადგილეც ესაუბრა. 

სამუშაოს შემსრულებლებიც და ისინიც, ვინც არაერთგზის ინსპექტირების შემდეგ დასკვნები დაწერეს, ახლა გამოძიებას აძლევენ ჩვენებებს. იკითხებიან მერიის მაღალჩინოსნებიც. მათ შორის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები, ვინც პროექტი ექსპლუატაციაში მიიღო. ამ სამსახურის უფროსი დაკითხვაზე შესვლამდე ამბობდა, რომ შადრევანი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, იმავე დილითაც შემოწმდა.

გიგაშვილის ვერსიას, რომ შადრევანი გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობდა, სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებიც ადასტურებს. კადრებში სხვა ახალგაზრდები ჩანან. წყალთან კონტაქტი აქაც სახეზეა, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

დროის რა მონაკვეთში და რა მიზეზით შეიქმნა პრობლემა, ექსპერტიზამ უნდა დააზუსტოს. ასევე ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, რატომ არ იმუშავა ინციდენტის დროს ავტომატური გათიშვის უსაფრთხოების სისტემამ. 

დღის ამბები