19 მაისი 2024,   19:23
ვრცლად
13 წლის მარიტას ხვალ დაკრძალავენ - ტრაგედიის ადგილას მის სახელზე დანთებული სანთლები და ყვავილები დილიდან არ წყდება

საკლასო ოთახში, სადაც მარიტა მეფარიშვილმა 8 წელი გაატარა - მერვე B კლასში ახლა არავინაა. მერხები მოსწავლეებით კვლავ შეივსება, თუმცა ერთი ცარიელი ადგილი საკლასო ოთახში და მეგობრების მეხსიერებაში მუდამ დარჩება. 

მარიტას მეგობრები, კლასელები და ახლობლები დილიდან ტრაგედიის ადგილას შეიკრიბნენ. 13 წლის გოგონას ხსოვნის პატივსაცემად, ვაკის პარკში, შადრევანთან მოქალაქეებმა ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მიიტანეს.

კარგი მეგობარი, მოსწავლე და სპორტსმენი - ჩოგბურთის კორტები მარიტას მეორე სახლი იყო. მას მამა ავარჯიშებდა. 13 წლის მოზარდმა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა, ახლა, იქ, სადაც მარიტა მეფარიშვილი ყველაზე მეტ დროს ატარებდა, საუბარი ყველას უჭირს.

ბავშვობის, სილაღის და ბედნიერების სიმბოლო, შადრევანი, ახლა ყველასთვის უმძიმეს ამბავთან ასოცირდება. ნახატი, რომელიც ტრაგედიიდან რამდენიმე საათში გლოვის ფოტოდ იქცა - მარიტა შადრევანთან - გრაფიკოსმა კესო გველესიანმა საკუთარი განცდების მიხედვით შექმნა.

13 წლის მოზარდის დაღუპვის გამო ჩოგბურთის აკადემიამ ხვალ დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გააუქმა, მარიტას საზოგადოება სწორედ 15 ოქტომბერს გამოემშვიდობება. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამებაში გაიმართება. მანამდე კი, მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.

დღის ამბები