19 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ყალბი დოკუმენტი და გადაუმოწმებელი ელექტროსისტემა, რომელმაც 13 წლის მარიტას სიცოცხლე იმსხვერპლა - რა წერია "კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში

13 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში დადგენილია ტრაგედიის 2 მთავარი მიზეზი და 4 რგოლის უპასუხისმგებლობა - მერია, შადრევნის რეაბილიტაციის შემსრულებელი "გრინსერვისპლიუსი", საექსპერტო კომპანია "მშენექსპერტი" და "ნიუმეტალ დიზაინი". პასუხისმგებლობა ამ კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, 2 კერძო შემდუღებელსაც დაეკისრა.

ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ხელშეკრულება გასული წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა. მერიამ შადრევანის და მისი კასკადის სამუშაოების შესრულება "გრინსერვისპლიუსს" დაავალა. 10 თვეში "გრინსერვისმა" სამუშაოების ნაწილი მერიას ჩააბარა. მერიის გარემოსდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ვახტანგიშვილმა შადრევანის წყლის მილების ფერი დაიწუნა და გრინსერვისს ახალი დავალება მისცა - შავი მილები თეთრი კონსტრუქციის უნდა შეეფუთათ. ლაშა ფურცხვანიძის კომპანიამ დავალების შესრულება ქვეკონტრაქტორ "ნიუმეტალ დიზაინს" დაავალა. ამ კომპანიის წარმომადგენელმა ლაშა ჭიღიტაშვილმა კი კერძო ელექტროშემდუღებლები დაიქირავა და მილების შეფუთვა დაუკვეთა.

გამოძიებულია ტრაგედიის მეორე მთავარი ეპიზოდიც - 3 უპასუხისმგებლო კომპანია და ერთი ყალბი დოკუმენტი გახდა მიზეზი, რის გამოც მერიამ შადრევანის პროექტი საბოლოოდ ჩაიბარა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირების დიდი ნაწილის პასუხისმგებლობაც ამ ეპიზოდში იკვეთება. კერძო შემდუღებლების ნამუშევარი ვალდებულების მიუხედავად, არც "ნიუმეტალ დიზაინს" შეუმოწმებია და არც "გრინსერვისპლიუსს." ამის ნაცვლად, მერიაში წარსადგენად ლაშა ფურცხვანიძის კომპანიამ ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მომზადება წინასწარი გარიგებით "მშენექსპერტს" სთხოვა. ასე ჩნდება საქმეში გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ინსპექტირების გარეშე, გრინსერვისის დირექტორისგან ჩაიბარა. დაკავებულებს შორის არიან საქმის ამ ეპიზოდში მონაწილე პირები, გრინსერვისის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და ყალბი დასკვნის ხელმომწერი ექსპერტები დავით თუშიშვილი და ნუგზარ ქიტიაშვილი.

ყალბი დასკვნა, რომელიც "გრინსერვისპლიუსმა" მერიაში მიიტანა, ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა. დოკუმენტი "კურიერმა" მოიპოვა, სადაც შადრევანის ელექტროობის უსაფრთხოების შემოწმების გარეშე, ყალბი ჩანაწერი გაკეთდა.

ყალბი დასკვნის წარდგენის შემდეგ, შადრევანის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ჩაიბარა- შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.

ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებას უარყოფენ "გრინსერვისპლიუსშიც." ლაშა ფურცხვანიძის კომპანიის თანადამფუძნებელმა გამოძიების ეს ვერსია დღეს კატეგორიულად გამორიცხა.

სამი კომპანია და მერიის გარემოს დაცვის სამსახური - მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე მათ ეკისრებათ, თუმცა ძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, საქმეში ახალი ფიგურანტები გაჩნდნენ.


დღის ამბები