19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
სამსახურეობრივი გულგრილობა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და 9 დაკავებული - რა ეტაპზეა გამოძიება და არის თუ არა მოსალოდნელი დაკავებულ პირთა წრის გაფართოვება

ბრალი წაყენებულია, თუმცა 9 დაკავებულიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს. გულგრილობა, მათ შორის სამსახურებრივი, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, დამზადებაში წაქეზება და გამოყენება. 4 რგოლი, რომლებშიც უკვე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული - ეს გამოძიების საწყისი ეტაპია. რამდენიმე წუთის წინ, პროკურატურამ გამოაქვეყნა ვაკის პარკში შადრევანში დაზიანებული ელექტროსადენის კადრები, რომელშიც როგორც ირკვევა 380 ვოლტი გადიოდა.

გამოძიება ჯერ არ გასულა იმ ეტაპზე, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ და რატომ არ გამოირთო დენის გადინებისთნავე ელექტროენერგია შადრევანში. კიდევ ერთი კითხვა - ვინ და რა კომპეტენციის ორგანო ამოწმებს ელექტროშემდუღებლის სამუშაოს, მით უმეტეს მაშინ როდესაც საქმე ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მაღალი ძაბვის სადენებს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატები მთელი დღის განმავლობაში შედიოდნენ. გამოსვლის შემდეგ კი ინტერესების დამცველებმა ჟურნალისტებს ბრალთან დაკავშირებით, დაკავებულების პოზიცია გააცნეს. დაკავებულთაგან წარდგენილ ბრალდებას არცერთი არ ეთანხმება. გიორგი ვახტანგაშვილის ინტერესების დამცველი დაკავებულს ბრალის წარდგენამდე შეხვდა. კახა წერეთლის თქმით, 40 წუთის განმავლობაში ძირითადად სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.

ადვოკატის ინფორმაციით, საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამბობს, რომ ის გააკეთა, რაც სამსახურებრივად ევალებოდა.  მოადგილის დაკავება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო. გიგა გიგაშვილი მანამდე პოლიციაში გამოკითხვაზე არაერთხელ იყო მისული. სავარაუდოდ მასთან გამოძიებას დამატებითი კითხვები კვლავ ექნება .

წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება "გრინსერვისისი" ხელმძღვანელი. რომელიც პოლიციამ გუშინ საკუთარ ოფისში სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავა. ადვოკატის თქმით, ლაშა ფურცხვანიძეს და მასთან ერთად დაკავებულ , კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ბრალდებები უსაფუძვლოა გრინსერვისისი სხვა თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორთან დღეს დილიდან იყვნენ შეკრებილები. ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი ერთ-ერთმა მეწილე გააკეთა. კობა ხარშილაძე მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამბობს, რომ კომპანიამ ყველა სამუშაო კანონით გათვალისწინებული ნორმებით შეასრულა.

ადვოკატი დღეს "ნიუმეტალ დიზაინის" მიერ დაქირავებულ ორ კერძო შემდუღებელს შეხვდა. დაკავებულების პოზიციაზე ინტერესების დამცველმა არაფერი თქვა. დეტალებზე საუბარს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აპირებს.

ბრალთან დაკავშირებით ცნობილია იმ ექსპერტების პოზიცია, რომლებმაც დასკვნა მოამზადეს და გამოძიების ინფორმაციით, დოკუმენტები გააყალბეს. არცერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მათი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაცვის ქვეშ მყოფები მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას ამზადებდნენ და უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლები არ იყვნენ. ამირან გიგუაშვილი დაკავებულების უდანაშაულობის დამტკიცებას კონკრეტული დოკუმენტაციებით აპირებს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები საკუთარ პოზიციას სავარაუდოდ სასამართლო სხდომაზე გააჟღერებენ, მანამდე კი ადვოკატები საქმის მასალებს უნდა გაეცნონ.

სამართალდამცველებმა, გუშინ სხვადასხვა ლოკაციაზე 9 პირი დააკავეს. ისინი ჯერ ვაკე საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შეიყვანეს.მათთან იმყოფებოდნენ ადვოკატებიც. რამდენიმესაათიანი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციელებს ბრალდებულები, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ეტაპობრივად გადაჰყავდათ.

დღის ამბები