19 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
"ჩვენ განვიხილავთ მომდევნო სანქციებს და სპეციალურ ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ" - გიტანას ნაუსედა

საკითხები, რაც ევროკავშირის 27-მა ლიდერმა პრაღაში არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილა, დღეს მსჯელობის საგანი ბრიუსელშია. ევროკავშირის სამიტი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.  

"უკრაინა და ენერგეტიკა" - ეს არის მთავარი განსახილველი თემები. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ომის წაგების ფონზე პუტინი მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრის, ამის გათვალისწინებით კი აუცილებელია კიევის მხარდაჭერის გაგრძელება. 

რაც შეეხება ენერგეტიკას, მაგიდაზეა ევროკომისიის რამდენიმე შეთავაზება, რაზეც მოლოდინია, რომ კონსესუსს მიაღწევენ.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობს გზების ძიება, თუ როგორ მოხერხდეს გაზზე ფასების დაწევა.

"დღეს ჩვენ ვეძებთ გზას სხვა ქვეყნებთან ერთად თუ როგორ შევძლოთ გაზზე ფასების დაწევა. ერთი საკითხია სუბსიდიები, თუმცა ჩვენ მოვალე ვართ ვითანამშრომლოთ დიდი შვიდეულის სხვა მეგობრებთან. შესაბამისი ინსტრუმენტები კი აქტიურად უნდა განიხილოთ შეხვედრებზე. არავინ ცდილობს გაზის გარეშე დარჩენას. ჩვენი მიზანია გაზის ფასების დაწევა და საკმარისი ენერგო რესურსების მარაგის შექმნა," - ამბობს ოლაფ შოლცი.

​ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ განიხილება მომდევნო სანქციების შემუშავება და სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, ომის დანაშაულებებში მხილებული უნდა იყვნენ თანაბრად, როგორც რუსეთი, ისე ბელარუსი.

"უკრაინის მხარდაჭერა და ენერგოსაკითხები ცხადია მთავარი თემებია. პრაღაში შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ვითარება გაუარესდა. შესაბამისად, გვჭირდება მკაფიო გეგმა. პირველ რიგში უკრაინას ჩვენგან სჭირდება სამხედრო დახმარება, საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ფინანსური კონტრიბუცია 500 მილიონი ევროს ოდენობით, 15 ათასს უკრაინელ სამხედროს ჩვენი სპეციალისტები გაწვრთნიან. ჩვენი სანქციები მუშაობს. ჩვენ განვიხილავთ მომდევნო სანქციებს და სპეციალურ ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ომის დანაშაულებებში მხილებული უნდა იყვნენ თანაბრად როგორც რუსეთი, ისე ბელარუსი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საშინელი წნეხის ქვეშ ვართ ენერგო კრიზისის გამო ჩვენს ქვეყნებში. ევროკომისიამ ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა და გვაქვს პოზიტიური შედეგები,“ - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ტრიბუნალის შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში, რომელიც მისი თქმით, რუსეთს ომის დანაშაულებებში ამხელს.

"რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ამიტომ ევროპამ სიძლიერე უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის დახმარებაში. უკრაინის მხარდაჭერა გულისხმობს ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მომარაგებას. ლატვიამ თავისი არსენალიდან ყველაფერი გადასცა უკრაინას და მზად ვართ კიდევ მეტი გავაკეთოთ. ჩვენ ამ საკითხზე არ ვმერყეობთ და ვეკამათებით იმ ქვეყნებს, ვისაც დიდი მარაგი აქვთ იარაღის. რასაც რუსეთი აკეთებს, ამას სიტყვებით ვერ აღვწერთ. ეს კრიმინალზე გაცილებით მეტია. უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავი დაიცვას. ჩვენ სერიოზულად უნდა დავიწყოთ ფიქრი ტრიბუნალის შექმნაზე, რომელიც რუსეთს ომის დანაშაულებებში ამხელს. რუსეთის ომმა ნეგატიური ზეგავლენა იქონია მთელს მსოფლიოზე, განსაკუთრებით ენერგო კრიზისზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ გაზის საფასური დავწიოთ," - აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ.

დღის ამბები