19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
კანონს გაცდენილი ციფრები და წამი, როცა ყველაფერი ჩერდება - როგორია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შემზარავი სტატისტიკა

შემზარავი სტატისტიკა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბოლო 9 თვეში საქართველოში 326 ადამიანი დაიღუპა, მძიმე დაზიანება მიიღო 5 704-მა. 2022 წელს კი, 35070 ავტოავარია მოხდა.

ავარიის გამომწვევი ყველაზე საშიში მიზეზი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაა. სტატისტიკიდან ირკვევა რომ 2022 წლის 9 თვეში, სიკვდილით დასრულებული 326 ავარიიდან 139 შემთხვევაში მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ქუჩის გამოკითხვიდანაც ჩანს, რომ 10-დან 8 მძღოლი ერთხელ მაინც მჯდარა საჭესთან ნასვამი.

კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ პერიოდულად მკაცრდება. დღეს მოქმედი კანონით ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მანქანის მართვა, მართვის მოწმობის 6 თვით ჩამორთმევას იწვევს, განმეორებით შემთხვევაში კი 1 წლით. მართვის მოწმობის გარეშე დარჩენილებს შემთხვევაში 2000 ლარის გადახდაც უწევთ, ზოგიერთ შემთხვევაში დგება ადმინისტრაციული პატიმრობაც. 2021 წლის ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც წესები გამკაცრდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით 800-ზე მეტი პოტენციური მკვლელი 10 დღით დააპატიმრეს.

სტატისტიკა შემზარავია, ავტოავარიების რაოდენობით საქართველოში პირველ ადგილზე შემთხვევით თბილისია. 20 312 შემთხვევიდან 1808-ზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც ნიშნავს რომ ავარია მსხვერპლით ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით დასრულდა. გარდაიცვალა 50, 2189 კი დაშავდა.

ციფრები მაღალია რეგიონებშიც. მაგალითად აჭარაში 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 ადამიანი შეეწირა. 540 კი დაშავდა. 28 ტრაგიკული შემთხვევა და 355 დაშავებული სამეგრელო ზემო-სვანეთში, 63 გარდაცვლილი იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 47 კი კახეთში.

მაშინ როცა, მოქმედი რეგულაციები ფულადი ჯარიმები და ჭკვიანი კამერები მძღოლებს არ აშინებთ, დღის წესრიგში კანონის გამკაცრება დგება, ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტომ მოამზადა, დამტკიცების შემთხვევაში სიჩქარის გადაჭარბებაზე კანონდამრღვევი 150 ლარის ნაცვლად 300ით დაჯარიმდება.

გარდა სიჩქარისა, ავარიულ სიტუაციას ე.წ დრიფტიც ქმნის. მინუს 300 ლარი და მინუს 30 ქულა, სანქცია ამ შემთხვევაშიც მკაცრდება. დაისჯება ის მძღოლიც რომლის ავტომობილიც ზედმეტად ხმაურიანია, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარით და მინუს 10 ქულით განისაზღვრა.


ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები