19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა, რასაც 75 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა -  ფაქტზე მოკვლევა ობიექტზე გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო

ბუნებრივი აირის პირველი მსხვერპლი ზამთრის დადგომადე 75 წლის ქალი გახდა. ოფელია ტონოიანი ლიკანში, 15 სართულიანი საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვამ იმსხვერპლა. საღამოს 6 საათზე ლიკანის ცენტრში მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა ჯერ ძლიერი ბიძგები იგრძნეს, რასაც რამდენიმე წუთში ორი აფეთქების ხმა მოჰყვა. მეორე სართულზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წარმოქმნილმა აფეთქების ტალღამ რამდენიმე სართული დააზიანა, რკინა ბეტონის ფილა მოგლიჯა და ხანში შესული ქალბატონი იმსხვერპლა.


მესხეთის 21 ნომერში მდებარე კორპუსიდან ძლიერი აფეთქების შემდეგ 48 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. მრავალბინიანი კორპუსი ამ ეტაპზე საცხოვრებლად უვარგისია, ადგილზე დღეს სამხარაულის ექსპერტები მუშაობდნენ. ბოლო სიტყვა სპეციალისტებზეა, თუმცა მანამდე მოქალაქეები სასტუმროში არიან დაბინავებულები. კითხვას თუ რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს, სისხლის სამართლის საქმე ობიექტზე გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარეობს, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შენობის მდგრადობაზე საუბრობს მუნიციპალიტეტის მერი.  ოთარ არბოლიშვილის ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით საცხოვრებელ კორპუსში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია . მეორე სართულზე სადაც აფეთქება მოხდა , კონსტრუქციას ბზარები არ აქვს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება საბოლოო დასკვნისთვის ექსპერტების ოფიციალურ ანგარიშს ელოდება. 

აფეთქების შემდეგ, მოსახლეობამ დღეს, პირველად შეძლო საკუთარ სახლებში შესვლა. სავარაუდო საფრთხეების გამო, ადგილობრივები მრავალსართულიან კორპუსში პირველადი, ნივთების გამოსატანად ეტაპობრივად შეუშვეს.

უსაფრთხოების მიზნით,  უკვე მესამე დღეა ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია. რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა, რასაც 75 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა - კითხვებზე პასუხს გამოძიება გასცემს. ფაქტზე მოკვლევა ობიექტზე გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები