19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
დის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ოჯახის წევრის მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გარდაცვალება გამოიწვია - დის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ძმების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც დაეცა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.

როგორც ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი ამბობს, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველის თქმით, მიღებული სტრესის ფონზე, ბრალდებულს შემთხვევის მომენტი არ ახსოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა  ძმასთან. ძმებს შორის კონფლიქტში ბრალდებულის დაც ჩაერთო. აღნიშნულით  განაწყენებულმა ბრალდებულმა  ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

დღის ამბები