19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა - თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა

ცრუ ინფორმაციის სიმართლისგან გარჩევას, მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. სწავლობენ თამაშით, თუ რა არის დეზინფორმაცია, რამდენად ხშირად გვხვდება გადაუმოწმებელი ფაქტები და რამდენად დამაზიანებელია ის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისა თუ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი პლატფორმებისგან თავის დაცვას ასწავლიან სტუდენტებსაც. სხვადასხვა აქტივობებს ამ მიმართულებით კომუნიკაციების კომისია გეგმავს და ახორციელებს. ერთკვირიანი პროგრამა, რომელსაც "მედიაწიგნიერება" ეწოდება, ინფორმაციის გაფილტვრას და კრიტიკულად შეფასებას გულისხმობს.

დეზინფორმაციის გავრცელება პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. დღეს მედიის მთავარ გამოწვევად სწორედ უტყუარი ფაქტებისა და გადამოწმებული ინფორმაციის მოპოვება რჩება. მედიაწიგნიერების მთავარი მიზანიც ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებაა.

მედიაწიგნიერების პროექტს კომუნიკაციების კომისია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ერთკვირიანი კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ჩატარებული სამუშაოების შედეგები შეაჯამეს. პროექტის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ 2018 წლიდან გადაამზადა 6000 მოსწავლე, კვალიფიკაცია აუმაღლა 1400-ზე მეტ პედაგოგს. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში კი გადამზადდა 1000 სტუდენტი.

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, 24-28 ოქტომბერს საქართველოში უკვე მეორედ, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდა. კვირეული სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრაც გამართა. მედიააკადემიაში სტარტაპერებისთვის კი კიბერუსაფრთხოების თემაზე მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა.

დღის ამბები