26 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
73 საზღვაო ქვეყანა, აქედან 20 ევროკავშირის წევრი - საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურის სერტიფიკატს უახლოეს მომავალში ქვეყნების სწორედ ეს რაოდენობა აღიარებს ​

არჩილ ვარშანიძე 15 წელია მეზღვაურია. ამბობს, რომ ე.წ. მოსაკრებლის გადახდა მავნე პრაქტიკაა და ეს საკითხი საზღვაო ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმა კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. კანონში ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება დასაქმებისთვის რაიმე საზღაურის გადახდა და მოხდება დამსაქმებელი კომპანიების რეგულირება. მეზღვაურების დასაქმებით დაინტერესებული გემთმფლობელი კი თავად დაფარავს ყველანაირ ხარჯს.

"მეზღვაურთა შრომის შესახებ" კანონის პროექტი გემებზე საქართველოს მეზღვაურების დასაქმებისა და შრომის პირობების მნიშვნელოვან საკითხებს დაარეგულირებს. მეზღვაურთა დამსაქმებელი კომპანიების ერთიან სამუშაო სტანდარტსაც შექმნის. განისაზღვრება მეზღვაურის მინიმალური ასაკი, სამედიცინო სტანდარტები, მუშაობისა და დასვენების საათები. მათი აღრიცხვის წესი. რეპატრიაციისა და კომპენსაციის საკითხები.

კანონის მიღების პარალელურად საქართველო გეგმავს მიუერთდეს "საზღვაო შრომის შესახებ" 2006 წლის კონვენციას, რომელიც მსოფლიოს 1.2 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით. ავტორების განმარტებით, კანონი მეზღვაურთა უფლებრივ მდგომარეობას არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გააუმჯობესებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს და მოიწონეს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით უფრო მეტად გამარტივდება გემზე დასაქმებული ადამიანების საქმიანობა და საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები 73 სახელმწიფოში გამოიყენებენ, მათ შორის 20 ქვეყანა აღიარებს ქართულ სერტიფიკატს.

"მეზღვაურთა შრომის შესახებ" კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გაუგზავნის.

დღის ამბები