20 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებმა ჩინოვნიკებს და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს პასპორტები ჩამოართვეს და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს

რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებმა ჩინოვნიკებს და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს პასპორტები ჩამოართვეს და საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალეს - ინფორმაციას "ფაინანშალ თაიმსი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბჭოთა ეპოქის პერიოდიდან, რუს ჩინოვნიკებს, რომლებსაც საშუალო დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე აქვთ წვდომა, მოეთხოვებოდათ თავიანთი პასპორტები სამინისტროებსა და კომპანიებში "სპეციალური განყოფილებების" სეიფებში დაეტოვებინათ, თუმცა ყოფილი ოფიციალური პირებისა და ლიდერების თქმით, ამ წესებს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები იშვიათად იცავდნენ.

ვითარება 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიცვალა , როდესაც უსაფრთხოების სამსახურებმა დაიწყეს გაფრთხილება ისეთ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ, როგორებიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი. 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეზღუდვები ბევრად უფრო გაფართოვდა.

როგორც "ფაინანშალ თაიმსი" აღნიშნავს, ეს ნაბიჯები რუსულ ელიტაში წარმოქმნილი მზარდი უკმაყოფილებითაა განპირობებული, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომმა წარმოშვა და მათ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახა.

რუს ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს დასავლეთში სიმდიდრის ხარჯვა ძველებურად აღარ შეუძლიათ და იძულებული არიან საკუთარი ფინანსები მხოლოდ რუსეთისთვის "მეგობრულადმიჩნეულ სახელმწიფოებში დახარჯონ.

დღის ამბები