20 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან ერთად თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგური გახსნა - მშენებლობისთვის მოსკოვმა 20 მილიარდი დოლარი დახარჯა

პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდომის შემდეგ ერდოღანი საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა. თურქული პრესა მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქტიურად წერდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტს ინფექციური გასტრო-ენტერიტი დაუდასტურდა. ანალოგიური მიზეზი დაასახელა თავად ერდოღანმაც. თუმცა ოპოზიცია აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. 

ერდოღანი დღეს ხალხში არ გასულა, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მან თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგური გახსნა. აქუიუს აშენებისთვის მოსკოვმა 20 მილიარდი დოლარი დახარჯა, მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ რუსი სპეციალისტებიც.

თურქეთი ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს თბოელექტროსადგურების ხარჯზე გამოიმუშავებს, რაც ატომურ ენერგიაზე გაცილებით ძვირი ჯდება. თურქეთი ენერგოდამოკიდებული სახელმწიფოა და მას ბუნებრივი აირის შესყიდვა უწევს, მისთვის ატომური ელექტროსადგურის აშენება მრავალმხრივად მომგებიანია. როგორც ერდოღანმა განაცხადა, ეკონომიკური სარგებელის გარდა, ატომური ელექტროსადგური გარემოსაც არ აზიანებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ანკარა-მოსკოვს შორის - ასე შეაფასა ვლადიმერ პუტინმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა თურქეთში. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული ელექტროსადგურის პროექტი თურქეთის ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

რუსეთსა და თურქეთს შორის შეთანხმება პირველი თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 2010 წელს გაფორმდა. სადგურის დარჩენილმა სამმა აგრეგატმა ოპერირება 2028 წლამდე უნდა დაიწყოს.

დღის ამბები