08 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
გლადიატორის მუზარადი, ჯაჭვის თავსაფარი, საბრძოლო ურო - მჭედელი ლაგოდეხიდან, რომელიც ძველი მანქანის ნაწილებს ახალ სიცოცხლეს სძენს და ხელოვნების ნიმუშად აქცევს

გლადიატორის მუზარადი, ჯაჭვის თავსაფარი, საბრძოლო ურო - "კურიერი PS-ის" რეპორტაჟში გაიცნობთ მჭედელს, რომელიც ძველი მანქანის ნაწილებს ახალ სიცოცხლეს სძენს და უბრალო ჯართს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქცევს.

ლაგოდეხი - წყნარი, მშვიდი და მწვანეში ჩაფლული ქალაქი. ადგილი, რომელიც ცნობილია ერთ-ერთი ულამაზესი დაცული ტერიტორიით. სწორედ ნაკრძალს ესაზღვრება შალვა მუმლაძის კარ-მიდამო. მისი ეზოც პატარა ნაკრძალი გეგონებათ თავისი ხეებით, ყვავილებით და რაც მთავარია პატარა სახლებით, რომლებიც ხეებზეა აშენებული. პირველი სახლი შალვამ ეზოში გაზრდილ ხეებზე 4 წლის წინ ააგო. როგორც ამბობს, ამის შთაგონება ბავშვობა გახდა.

ტურიზმი ლაგოდეხელების დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, შესაბამისად ასეთი წამოწყება ერთგვარ მცირე ბიზნესადაც გადაიქცა. ეს არ არის არც დიდი სასტუმროს ნომერი და არც დიდი კოტეჯი. სახლი ხეზე მათთვისაა, ვისაც ეგზოტიკა და სიმშვიდე უყვარს.

პატარა ეზოში ჩადგა სამზარეულოც. რა თქმა უნდა აქაც ყველაფერი შალვას ხელით არის გაკეთებული. რამდენიმე დღის წინანდელი სტიქიის დროს, არცერთ ამ ნაგებობაში ერთი წვეთი წყალიც არ ჩასულა. თავის პატარა სამფლობელოს შალვამ რობინზონ კრუზო დაარქვა.

ულამაზესი ეზოდან რამდენიმე ათეულ მეტრში ცხოვრობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ჰობი პროფესიად აქცია. მიშა ჯალიაშვილი პროგრამისტია, თუმცა, როდესაც პირველი რკინის ნაკეთობა დაამზადა, მიხვდა, რომ ეს მისი საქმე იყო.

სხვადასხვა სოციალური ქსელის დახმარებით მისი ნამუშევრები ბევრს მოეწონა და შედეგმაც არ დააყოვნა. მისი ნამუშევრები უკვე ბევრ სახლს და კერძო კოლექციას ამშვენებს.

მიშა რკინაზე მუშაობს, თუმცა მის სახელოსნოში არ დგას არც ღუმელი, არც რკინის საწრთობი. ის რკინას უბრალოდ ფორმას აძლევს და დეკორაციას ამზადებს.

ყველაზე დიდი მოწონებით მის მიერ დამზადებული ძველი იარაღები სარგებლობს. გლადიატორის მუზარადი, ჯაჭვის თავსაფარი, ნაჯახები, საბრძოლო ურო - ყველაფერი ძველი მანქანების ნაწილებისგან, ან უბრალოდ რკინის ნაჭრებისგან იჭედება. ცივი იარაღი მისი გატაცებაა.

ნიჭი და გემოვნება - სწორედ ეს ორი რამ არის საჭირო ამ ყველაფრის შესაქმნელად. დანარჩენი უკვე ოსტატის მონდომებაზეა დამოკიდებული.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები