07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
შემდეგი კვირები იქნება ძალიან აქტიური, ჩვენი პოზიციები მკაფიოდ არის განსაზღვრული - ზელენსკი

რუსულ აგრესიას უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღიურად ეწირება. ღამით, ომში მყოფი ქვეყნის თითქმის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპანტების იერიშებს დონეცკის ოლქში. დაშავებულია 10 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა ხარკოვისა და სუმის ოლქებიც.

უკრაინის საგარეო პოლიტიკისთვის მომდევნო დღეების, კრიტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

"დღეს გაიმართა სტავკას სხდომა რამდენიმე საკითხზე - ხანგრძლივი და დეტალური. მივიღე ინფორმაცია, როგორც თავდაცვის ზოგადი ვითარების, ასევე ჩვენი თავდაცვის კონკრეტული მიმართულებებისა და შეტევითი მოქმედებების შესახებ. განვიხილეთ საბრძოლო მასალის მიწოდება არტილერიისთვის, ჩვენი არტილერიის გაძლიერება აშკარა პრიორიტეტია. და ამ მიმართულებით მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ. დღეს რუსი დამპყრობლებისგან "ზმიინის" კუნძულის განთავისუფლების წლისთავია. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებაა. შარშან, გაზაფხულზე, უკრაინისგან არავინ ელოდა, რომ შევძლებდით ამ ფუნდამენტური თავდაცვითი ამოცანის განხორციელებას - ზმიინის კუნძულის და, შესაბამისად, შავი ზღვის წყლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენმა ჯარისკაცებმა ეს გააკეთეს. მათ დამპყრობლები შეაჩერეს და გააძევეს კუნძულიდან. უკრაინა და უკრაინელები იმაზე ძლიერები არიან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. იწყება საგარეო პოლიტიკის უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი. ის ორიენტირებულია მშვიდობაზე, რომელიც მიიღწევა ჩვენი უსაფრთხოების შესაძლებლობების, ალიანსებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზით. შემდეგი კვირები იქნება ძალიან აქტიური. ჩვენი პოზიციები მკაფიოდ არის განსაზღვრული,"- აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები