15 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემა, ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, მოხარულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.

"ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ, გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.

თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შესძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები