07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ევროპა ძლიერ სიცხეს ებრძვის - მაღალი ტემპერატურის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

ევროპა ძლიერ სიცხეს ებრძვის. მაღალი ტემპერატურის გამო, ტურისტების დაცვის მიზნით, საბერძნეთში ათენის აკროპოლისი რამდენიმე საათით დაიხურა. ხელისუფლებამ პარკების დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო. გასულ დღეებში ძლიერი სიცხისაგან ადამიანების გონების დაკარგვის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. წითელი ჯვრის თანამშრომლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მორიგეობენ და ხალხს სასმელ წყალს სთავაზობენ.

გაუსაძლისი სიცხე გახდა იტალიის 16 ქალაქში განგაში გამოცხადების მიზეზი. მთავრობა ხალხს დღის განმავლობაში, 2 ლიტრი სითხის მიღებისა და გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მეტეოროლოგები ქვეყანაში ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.

სიცხეს ებრძვიან ესპანეთშიც, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ტემპერატურის მკვეთრი ზრდის გამო, ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ტყის ხანძარი გაჩნდა. დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, ამ დროისთვის, ევაკუირებულია 500 ადამიანი, თუმცა შიშობენ, რომ მათი რაოდენობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. ხანძარმა 200 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

ცხელა შეერთებულ შტატებშიც, სადაც ტემპერატურა 43 გრადუსზე მეტია. მომდევნო კვირებში ტემპერატურის 48 გრადუსამდე აწევას ვარაუდობენ.

სიცხით დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა გერმანია და პოლონეთი. მსოფლიოში ექსპერტები ტემპერატურის მკვეთრ მატებას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

ავტორი:თიკო ცერცვაძე

დღის ამბები