07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
ომის 522-ე დღე უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები

ომის 522-ე დღე უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი "ტელეგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს.

"არაადამიანებმა-ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. მეორე რაკეტა ღია სივრცეს მოხვდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ორი ადამიანი - მამაკაცი და ქალი, კიდევ ერთმა ქალმა ჭრილობები მიიღო. აფეთქების ტალღით შუშები ჩაიმსხვრა მრავალსართულიან შენობებში და დაზიანდა სასწავლო დაწესებულებისა და სუპერმარკეტის შენობები,” - წერს კურტევი.

მან აღნიშნა, რომ ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ფსიქოლოგები. რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს განთავისუფლებულ ზმეინის კუნძულზე. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა კუნძულის ტერიტორიაზე გაურკვეველი ტიპის ორი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. დრონებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის ოლქს. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა კერძო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გააჩინა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. 100-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქში. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე. განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი შენობა.

უკრაინის პრეზიდენტი ქალაქი დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

"დღეს დონეცკის ოლქში ვართ ჩვენს მეომრებთან, ჩვენს გმირებთან ერთად. მქონდა პატივი, პირადად მიმელოცა, ხელი ჩამომერთმია და დამეჯილდოებინა სპეციალური ოპერაციების ძალების მეომრები მათ პროფესიულ დღეს. ისინი ყოველთვის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში არიან ყველაზე საპასუხისმგებლო, სპეციალურ დავალებებზე. ახლაც ასეა. დნიპროში გუშინდელი სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამუშაოები უკვე დასრულდა. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და მოზარდი. ყოველი ასეთი დარტყმისთვის, მთელი რუსული ტერორისთვის, მტერი აუცილებლად იგრძნობს სამართლიანობის ძალას. ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ არაფერს არცერთ მათგანს. დღეს არის ოლენივკას, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულის წლისთავი - დატყვევებული აზოვის მეომრების მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა. დაე, რუსეთის ყოველი დანაკარგი იყოს სამაგიერო მისი ბოროტებისთვის და ყველა ოკუპანტმა, ყველა რუსმა მკვლელმა, ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ამ ტერორზე უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ - სანამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან - იცოდეს, რომ სამართლიანობა იმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს!“ -აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

 

დღის ამბები