07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
პოლონეთი უკრაინასთან საზღვარს ჩაკეტავს, თუ მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაგრძელდება – უკრაინიდან იმპორტის აკრძალვას ითხოვენ ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთიც

15 სექტემბერს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის 4 პროდუქტის იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა სრულდება. თუმცა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი - ითხოვენ ამ აკრძალვის გაგრძელებას. პოლონეთის მთავრობა ირწმუნება, რომ თუ ეს აკრძალვა არ გაგრძელდება, საზღვრებს თავად დახურავს.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის ცალმხრივი აკრძალოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი, თუ ევროკავშირი შეზღუდვებს არ გაახანგრძლივებს.  

საგარეო საკითხებში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მრჩევლის, მარჩინ ფშიდაჩის თქმით, უკრაინისთვის კარგი იქნებოდა, თუ პოლონეთის დახმარების როლს დააფასებდა. ამის შესახებ ფშიდაჩმა პოლონურ მედიასთან ისაუბრა. 

კითხვაზე, დალაგდა თუ არა უკრაინას და პოლონეთს შორის ურთიერთობა, ფშიდაჩმა უპასუხა:

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. მოსავლის აღების პერიოდში ვართ. პოლონური მარცვლეული უნდა მოიკრიფოს, შეინახოს და [ბაზარზე] შესაბამის, ღირსეულ ფასად გავიდეს.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინას მართლაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პოლონეთისგან. ვფიქრობ, მისთვის ღირებული იქნებოდა, დაეწყო იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა". - აღნიშნა ფშიდაჩმა.

ფშიდაჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეული, უპირველეს ყოვლისა, შავი ზღვის არხით, ოდესის მახლობლად მდებარე პორტის საშუალებით უნდა გადიოდეს.

"აქ საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა, მათ შორის, რუსეთზე ევროკომისიის მხრიდან, რათა ამ არხმა იფუნქციონიროს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა". - დასძინა მან. 

ფშიდაჩის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი და მას უსაფუძვლო უწოდა. Evropeiska Pravda-ს ცნობით, შესაბამისი კომენტარი პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ გაავრცელა. 

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ პოლონეთის ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობებს, პოლონეთის საზოგადოებას თავს მოახვიონ უსაფუძვლო აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა პოლონეთის დახმარებას არ აფასებს. ეს, ცხადია, არის თამაში საკუთარი ოპორტუნისტული ინტერესებისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მანიპულირებაა. რეალობა კი არის მეგობრული და ღია დიალოგი უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის", - აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

დღის ამბები