2023 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდულად გაზრდილ შემოსავლებს აფასებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი. ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონსა და შემოდგომაზე შემოსავლების ზრდის კუთხით დიდი მოლოდინია.
„2023 წელი დიდი აქტიურობით დაიწყო და შესაბამისად აისახა იმ მაჩვენებელში, რომლის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა. საკმაოდ დიდი წარმატების საწინდარია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ეკონომიკურ ჭრილში, რაც კეთილდღეობას უწყობს ხელს. წინ გვაქვს ცხელი სეზონის ბოლო თვე და შემოდგომაც, რომელიც ასევე ცხელ სეზონად ითვლება და გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ წლის ბოლოს გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ“,-აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი).
2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით.
წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით