საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეაფასა. მისი განმარტებით, ეს ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა.
კობახიძის თქმით, ამ პარტნიორობიდან გამომდინარე ყველა რესურსის გამოყენება მნიშვნელოვანია და საჭიროა პარტნიორობა სათანადოდ იყოს რეალიზებული.
"ეს იყო პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩინეთთან, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევა. სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით. მნიშვნელოვანია ყველა რესურსის ათვისება, რომელიც შეიძლება ამ პარტნიორობიდან გამომდინარეობდეს და ბუნებრივია, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისათვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა იყოს რეალიზებული სათანადოდ. ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. რაც შეეხება ვალდებულებებს, აქ მთავარი არის ის, რომ დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა იქნება ორმხრივად საინტერესო და ორმხრივად მომგებიანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთისთვის", - აღნიშნავს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე პარტნიორობის საკითხის მიმართ, ოპოზიციის დამოკიდებულებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ თემის ირგვლივ სპეკულაციების აგორებას ცდილობს, რათა სახელმწიფო ინტერესები დაზიანდეს.
"ნაციონალები" იმისათვის, რომ დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები აწარმოებენ სპეკულაციებს ჩინეთის თემის გარშემო. სინამდვილეში, არაფერი სასპეკულაციო აქ არ არის. ნებისმიერ პროექტის განხორციელების დროს, იქნება ეს ანაკლიის პროექტი თუ ნებისმიერი სხვა, ყველა პარტნიორთან გვექნება კონსულტაციები და გადაწყვეტილება იქნება კონსულტაციების რეჟიმში მიღებული.
როდესაც გარკვეული ურთიერთობები მყარდება, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არის გამჭვირვალე და მომავალშიც აუცილებლად იქნება გამჭვირვალე. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების იყოს უფრო მეტად რეალიზებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.