07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საოკუპაციო ძალის იერიში გრძელდება - მასშტაბური საჰაერო შეტევის სამიზნე ამჯერად ხერსონი გახდა

უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საოკუპაციო ძალის იერიში გრძელდება. მასშტაბური საჰაერო შეტევის სამიზნე ამჯერად ხერსონი გახდა. კრიტიკულად დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქების შედეგად 59 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 12 დაშავებული მაშველებმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცეცხლი გაუხსნა საოკუპაციო ძალამ დნიპროპეტროვსკის ოლქსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის შედეგად განადგურებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი. დაშავდა 7 მოქალაქე. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილი. მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება სასმელი წყალიც. 

რუსული არმიის პოზიციებს უტევენ უკრაინელი სამხედროები. თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ორ მთავარ საკომუნიკაციო გზაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ჩონგარის და გენიჩესკის საავტომობილო ხიდები. სწორედ ამ გზების მეშვეობით ხდება ანექსირებული ყირიმის დაკავშირება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასთან. 

მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიინკას და ბახმუტის მიმართულებით. აქ გენშტაბის ინფორმაციით, რუსულ არმიას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მკვეთრად იკლო საოკუპაციო ძალის ტაქტიკური ავიაციის ეფექტურობამ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამის ძირითადი მიზეზი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაა, რის გამოც რუსული მოიერიშეები მხოლოდ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაფრინავენ. 

 

 

 

დღის ამბები