07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას - ზელენსკი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსმა სამხედროებმა სამჯერ დაბომბეს ნიკოპოლის რეგიონი. მტრის თავდასხმას 18 წლის ბიჭი შეეწირა. ასევე რუსეთის არმიამ გასული დღის განმავლობაში ხერსონს 66 დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ოკუპანტებმა სულ 365 ჭურვი ისროლეს.

ხერსონთან ერთად დაიბომბა დონეცკიც სადაც 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშვებულებიც. პოკროვსკში გუშინდელი შეტევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულთა კი 82-მდე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი საკუთარ ტერორისტულ გადაწყვეტილებებზე პასუხს აგებს. პრეზიდენტმა ყირიმის დეოკუპაციაზეც ისაუბრა - მისი თქმით, პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს.

"რუსების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში სამაშველო სამუშაოები დღეს დასრულდა. დაღუპულია ცხრა ადამიანი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. იყო რამდენიმე სარაკეტო დარტყმა. მეორე აფეთქება მაშინ მოხდა, როცა სამაშველო ოპერაცია დაიწყო. ეს არის ტერორისტების მიზანმიმართული გადაწყვეტილება. რუსეთი ამის გამო პასუხს აგებს.

დღეს მე გავმართე შეხვედრა ყირიმის რეინტეგრაციის შესახებ. ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხის პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს უბრალოდ აბსტრაქტული – ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის – ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოსკოვს კვლავ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით. მოსკოვის მერის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, ორი საბრძოლო დრონი ჩამოაგდო. დაშვებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

დღის ამბები