07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ომის 533-ე დღე უკრაინაში განგაშის სიგნალით დაიწყო - მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ცაზე მასიურ შეტევებს ახორციელებდნენ

ომის 533-ე დღე უკრაინაში განგაშის სიგნალით დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები მასიურ შეტევებს ახორციელებდნენ უკრაინის ცაზე. მთავარი დარტყმა ზაპოროჟიემ მიიღო, სადაც ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსს ისკანდერებით შეუტიეს. 9 დაჭრილს შორის მცირეწლოვანი ბავშვია, 3 გარდაცვლილს შორის კი ახალგაზრდა გოგონები.

კამიკაძე დრონებით ქაოტურ შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია ხარკოვში, თუმცა საფრთხე აქ მაღალი რჩება, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ მიმართულებით შეტევებს აძლიერებენ - ადგილთან 100 ათასი რუსი სამხედროა კონცენტრირებული. მიზანი უკრაინული თავდაცვის გარღვევა და უშუალოდ კუპიანსკში შეღწევაა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით 37 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია დაიწყეს. დარტყმა მიიტანეს ოკუპანტებმა რივნეს ოლქზეც, ნავთობ-ბაზაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობას დიდი რესურსი დასჭირდა.

აქტიურობა ამ ეტაპზე მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესამჩნევი,დიპლომატიურ ველზე სიჩუმეა. ჯერ არც პუტინი შეხვედრია ერდოღანს და არც დაპირისპირებული მხარეები დასთანხმებიან მოლაპარაკებებს. კულებამ იტალიელ ჟურნალისტებს დღეს ისიც უთხრა,რომ პუტინისა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან სხდომა კიევს ვერ წარმოუდგენია, ვინმე სხვასთან მოლაპარაკება კი მანამდეა წარმოუდგენელი,ვიდრე მისი ჯარი უკრაინის ტერიტორიაზეა. კიევისთვის მიზნების მიღწევაში უცვლელი პარტნიორია დასავლეთი, საიდანაც დღეს სასიხარულო ცნობაც ჩავიდა : ბერლინი კიევს “პეტრიოტების” გაგზავნაზე დასთანხმდა.ზელენსკისგან მადლობა უკვე მიიღო ოლაფ შოლცმა - იმისთვის,რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დასაცავად ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებით მოამარაგეს.

უკრაინას დღეს ვაშინგტონმაც დაუდასტურა, რომ მათი სამხედრო დახმარების საქმეში მხარდაჭერა არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემცირებულა და არც ამერიკელ ხალხში. მეტიც, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონგრესისადმი მორიგ მოთხოვნას უკვე ამზადებს. ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე ისინი ყოველდღიურ კოორდინაციაში არიან. უცნობია ვისთანაა კოორდინაციაში მოსკოვი - სადაც უკვე მერამდენე დღეა ღამის ძილს მფრინავი დრონები არღვევენ. გუშინ ისინი ღამის 4 საათზე გამოჩნდნენ -მოიგერიეს,თუმცა დროებით "ვნუკოვოსა" და "დომოდედოვოს" აეროპორტების დახურვა მოუხდათ - მოსახლეობა არ მალავს, რომ თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.

დღის ამბები