07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ლიბიაში სამხედრო შეტაკებებს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ქვეყნის ორი უძლიერესი შეიარაღებული დაჯგუფება ძალაუფლებისთვის იბრძვის

ლიბიის დედაქალაქი ბრძოლის ველს ჰგავს. ტრიპოლში ქვეყნის ორი უძლიერესი შეიარაღებული დაჯგუფება ძალაუფლებისთვის იბრძვის. სამხედრო შეტაკებებს უკვე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

დაპირისპირება 444-ე ბრიგადასა და სპეციალური დანიშნულების ძალებს შორის მოხდა. შეტაკების მიზეზი სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ 444-ე ბრიგადის მეთაურის, მაჰმუდ ჰამზას დაკავება გახდა, როდესაც ის ტრიპოლის აეროპორტში გამგზავრებას ცდილობდა. დაკავების მიზეზი უცნობია, 444-ე ბრიგადას მხარს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო უჭერს. სპეციალური დანიშნულების ძალები კი დედაქალაქის აეროპორტს აკონტროლებენ.

ქუჩაში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი. მოსახლეობა სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ადგილობრივების ნაწილი უკვე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. ცენტრალურ რაიონებში ისმის აფეთქებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა.

შექმნილი ვითარების გამო, ტრიპოლიდან რეისები არ სრულდება. არ მუშაობს სასწავლო დაწესებულებები. კონფლიქტის წერტილებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ლიბიის ჯანდაცვის სამინისტრო დაპირისპირებულ მხარეებს მიმართავს, რომ რაიონებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებს შესვლის საშუალება მისცენ.

ლიბიაში გაეროს მხარდაჭერის მისია აცხადებს, რომ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, მხარეებს კი დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

ერთიანობის მთავრობის ხელმძღვანელმა ქალაქში შეტაკებების შეწყვეტის განკარგულება გასცა. დათანხმდა დაკავებული მეთაურის, ჰამზას ნეიტრალური მხარისთვის გადაცემასაც. ნავთობით მდიდარ ლიბიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა 2011 წლიდან მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ გრძელდება. ქვეყანაში ორ ხელისუფლებიანობაა, რომლებიც ერთმანეთს არ ცნობენ.

დღის ამბები