07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
პუტინის შურისძიება თუ უბედური შემთხვევა - ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქების საქმე უამრავ კითხვას აჩენს

რუსეთში ევგენი პრიგოჟინს უკვე გლოვობენ, თუმცა არავინ იცის, მოკვდა თუ არა. თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან 24 საათის შემდეგაც, მის სიკვდილზე მტკიცებით ფორმაში ვერავინ საუბრობს. კრემლი დუმს, ამიტომ მომხდარის ამოხსნას ყველა თავისებურად ცდილობს. ტერორისტული ორგანიზაცია "ვაგნერის" მეთაური მოსკოვში ზოგისთვის "გმირია", ზოგისთვის კი "დამნაშავე" და "თაღლითი", რომელმაც საკუთარი სიკვდილი გაითამაშა.

იჯდა თუ არა პრიგოჟინი კუთვნილ თვითმფრინავში - ახლა ეს ნომერ პირველი კითხვაა, რომელსაც პასუხი "როსავიაციამ" მისთვის უჩვეულო სიჩქარით გასცა. უწყებამ ე.წ. ბიზნესჯეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე წუთში დაწერა, რომ ბორტზე არათუ ევგენი პრიგოჟინი, არამედ ვაგნერის თანადამფუძნებელი - დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. თუმცა, ბორტის სიაში ყოფნა, ბორტზე ყოფნას არ ნიშნავს, ეს კი ჭეშმარიტების დადგენის მსურველებს საქმეს ურთულებს. მით უმეტეს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურს არაერთი ორეული და ყალბი პასპორტი ჰქონდა კვალის ასაბნევად. კითხვა ნომერი ორი იმაში მდგომარეობს, თუ რა მოუვიდა თვითმფრინავს რეალურად, ჩამოვარდა თუ ჩამოაგდეს? ამაზე პასუხებს მედია ტვერის ოლქში მყოფ თვითმხილველებთან ეძებს.

გამოძიებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპეციალურ საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს. ბორტზე მყოფი 10-ვე პირის ცხედარს ახლა გენეტიკური ექსპერტიზა უტარდება. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა "ვაგნერელმა" შემთხვევის ადგილზე პრიგოჟინის კუთვნილი ტელეფონი ამოიცნო. წერენ იმასაც, რომ ამოიცნეს თავად პრიგოჟინიც, რადგან ცხედარს მასავით დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა და ხელზე თითები აკლდა.

გავრცელებული ცნობით, განიხილება როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებით გამოწვეული დეტონაცია, ისე თვითმფრინავის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით, რომელიც მომხდარიდან არც თუ ისე მოშორებით, ვალდაის მთებში, პუტინის რეზიდენციაშია დამონტაჟებული. მომხდარზე ყველაზე მეტი კითხვა ახლა დაქირავებულ მებრძოლებს აქვთ "ვაგნერში", რომლებიც შემდგომ მითითებებს ელოდებიან, თუმცა ვისგან - უცნობია.

თუ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებული ინფორმაცია დადასტურდა, ბევრისთვის ეს იქნება იმის დასტურიც, რომ პუტინი საკუთარი რეპუტაციისა და ძალაუფლების შერყევას არავის პატიობს. "პრესტიჟისა და ღირსების" საქმედ ხედავენ პუტინის ხელით პრიგოჟინის შესაძლო სიკვდილს ანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ მან საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც ზუსტად 2 თვის წინ გადატრიალების მცდელობით პუტინის წითელი ხაზები გადაკვეთა. ამბობენ იმასაც, რომ FSB-მ ჯერ ძალოვან უწყებებში მისი მოკავშირეები და თანამოაზრეები გაანეიტრალა და მხოლოდ ამის შემდგომ მივიდა პრიგოჟინამდე, თან დემონსტრაციულად, რითაც პუტინის ოპონენტებს გაფრთხილება გაუგზავნა. დასავლელი ლიდერებიც იმას ამბობენ, რომ პრიგოჟინის სიკვდილის დადასტურება მათ არ გააკვირვებთ. მათთვის ცალსახაა, რომ პუტინის განკარგულების გარეშე ეს ამბავი ვერ მოხდებოდა.

არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი მომხდარის უკრაინისთვის გადაბრალებას შეეცდება. თავად უკრაინამ პრიგოჟინის შესაძლო სიკვდილი კარგ ამბად მიიღო, რაც გასაკვირი არაა, რადგან ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში უსასტიკეს ბრძოლებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ათასობით უკრაინელი სიცოცხლეს სასტიკად გამოასალმა. კიევში მიიჩნევენ, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის მკვლელობა რუსეთში დესტაბილიზაციის რისკებს აჩენს, რაც მათთვის ხელსაყრელი გარემოებაა. ე.წ. ბრიკსის სამიტზე დისტანციურად გამოჩენილი პუტინი საკითხს არ შეხებია, ზელენსკი კი შეეხო, თუმცა მოკლე პასუხით შემოიფარგლა.

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გაბათილებას კრემლში არავინ ჩქარობს, პრიგოჟინზე აქ არც ახლა საუბრობენ და არც მაშინ, როდესაც გადატრიალების მცდელობის დროს პუტინი მას არაპირდაპირ დაემუქრა და სასჯელს დაჰპირდა. მთავრდება თუ არა ჰოდ-დოგების გაყიდვებით დაწყებული და ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურობით გაგრძელებული ისტორია 23 აგვისტოს ტვერის ცაზე - ამ კითხვას, ამ დრომდე, პასუხი არ გასცემია.

დღის ამბები