07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ათენთან ახლოს 200-ზე მეტ ხანძრის კერას მეხანძრეები რამდენიმე დღეა ვერ უმკლავდებიან - ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში დამატებითი სახანძრო ჯგუფები გაგზავნეს

კუნძული ევია, ბეოტია, ქალაქი კავალა, მენიდი - ათენის გარეუბნები ცეცხლის ალშია გახვეული. 200-ზე მეტ ხანძრის აქტიურ კერას უკვე რამდენიმე დღეა ასობით მეხანძრე ვერ აქრობს. კრიტიკული ვითარების გამო ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთში დამატებითი სახანძრო ჯგუფები გაგზავნეს, თუმცა ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლის გაკონტროლება შეუძლებელია. დამწვარია 70 000-მდე ჰექტარი ტერიტორია. 

სტიქიის ზონაში ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა ოსიოს ლუკას ისტორიული მონასტერი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, შუა საუკუნეების ბიზანტიური ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონუმენტი. გამოცხადებულია მასშტაბური ევაკუაცია. სტიქიის შედეგად დაშავდა 60-ზე მეტი მეხანძრე. საბერძნეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა უკვე 41 გრადუსს ცელსიუსს აჭარბებს.

ცეცხლმა ასობით ცხოველი ცოცხლად დაწვა. ინტერნეტში ვრცელდება ემოციური ფოტომასალა, როგორც ცდილობენ ადგილობრივები სიცოცხლის ფასად ცხოველების გადარჩენას. 

ხანძარია საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად. ადგილობრივებმა მოსავალთან ერთად სახლ-კარიც დაკარგეს. ბოლო მონაცემებით, მეხანძრეებმა ტყის პერიმეტრზე 20 დამწვარი ცხედარი იპოვეს, მათგან ორი, 10 და 15 წლის ბავშვები არიან. ხანძრის განზრახ გაჩენის საქმეზე 4 პირია დაკავებული.

ტყის ხანძრები ვრცელდება მეზობელ თურქეთშიც. ევაკუირებულია 11 სოფელი. ქალაქ ჩანაქ-კალეს ტყის ხანძრის გამო ქვეყანა იძულებული გახდა შეეწყვიტა გემების მოძრაობა. მოსახლეობამ დაკარგა სახლები, პირუტყვი და მოსავალი. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის მუშაობის დროს, ცეცხლმოკიდებული ხე წაიქცა და მაშველები მოიყოლა.

ხანძრის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა. სტიქიის ზონაში ათასობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

 

 

დღის ამბები