07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ჩვენი პირველადი შეფასების მიხედვით, სავარაუდოდ, პრიგოჟინი მოკლეს, ვაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი

ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე ოფიციალური მოსკოვი დადასტურებით ჯერ არ საუბრობს - ერთადერთი უწყება, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა, "როსავიაციაა", სადაც თქვეს, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელიც იყოფებოდა.

თავად რუსული პროპაგანდისტული არხები დანამდვილებით არ აცხადებენ, რომ პრიგოჟინი გარდაცვლილია. ფაქტის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა - ბუნდოვანებას საქმეს მატებს ის ფაქტიც, რომ კერძო ჯეტის ჩამოვარდნის მომენტში გადაადგილდებოდა პრიგოჟინის კიდევ ერთი თვითმფრინავი.

ევგენი პრიგოჟინი "რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად" დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას "ვაგნერის" დაჯგუფებასთან დაკავშირებული "ტელეგრამ" არხი ავრცელებს.

პარალელურად, ვრცელდება დაჯგუფების წევრების ვიდეო კომენტარები. ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ "ვაგნერის" წევრები ამბობენ, რომ შემდგომ მითითებებს ელოდებიან.

კერძო ჯეტის ჩამოგდების ვერსიაზე საუბრობენ თვითმხილველები. მათი თქმით, დიდი დაჯახების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ჰაერიდან მოწყვეტილი თვითმფრინავი დაინახეს.

პრიგოჟინის სიკვდილის საკითხს აშშ ეხმაურება - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანის პატრიკ რაიდერის თქმით, მათი პირველადი შეფასების მიხედვით პრიგოჟინი სავარაუდოდ მოკლეს, თუმცა შტატები ვითარების შესწავლას განაგრძობენ.

"ჩვენი პირველადი შეფასების მიხედვით, სავარაუდოდ, პრიგოჟინი მოკლეს. ვაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაცის, იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავი "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო - გეტყვით, რომ ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომლის მგზავრებიც რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერი და თანამშრომლები იყვნენ, რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო," - განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

რაც შეეხდება ევროკომისიას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ისევე როგორც ბევრი რამ, რუსეთში პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება ძალიან რთულია.

”ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი და მისი გარემოცვა დაიღუპა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამის, რუსეთში ამის გადამოწმებაც ძალიან რთულია. პრიგოჟინისა და ”ვაგნერის” ჯგუფის უარყოფითი ქმედებები ფართოდ არის ცნობილი, ესება ეს უკრაინის ომში მათ მონაწილეობას თუ მათ ოპერაციებზე აფრიკის ქვეყნებში. ყველგან, სადაც ”ვაგნერის” ჯგუფი მივიდა, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კვალი დატოვა,” - აცხადებს პიტერ სტანო.

დღის ამბები