07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ტრამპმა 20 წუთი ჯორჯიის შტატის ციხეში გაატარა - ფულტონის საპატიმროს ისტორიული პროცედურების დეტალები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაახლოებით 20 წუთი ჯორჯიის შტატის საპატიმროში გაატარა. ჩატარდა ბრალდებულის სტატუსით, მისი ჩაბარების ოფიციალური პროცედურა. შეთანხმების საფუძველზე, დონალდ ტრამპი 200 000 ამერიკული დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას აეკრძალა სოციალური მედიის გამოყენებაც, მიზეზი 18 თანაბრალდებულსა და მოწმეებზე ზეწოლის რისკები.

დონალდ ტრამპმა გათავისუფლების შემდეგ, ატლანტას აეროპორტში მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის და ეს არასოდეს უნდა მომხდარიყო. თუ თქვენ არჩევნებში ეჭვი შეგაქვთ, ამის საშუალება უნდა გქონდეთ. მე ვფიქრობდი, რომ არჩევნები გაყალბდა და მოიპარეს. და მე ამის ყველანაირი უფლება მაქვს. უამრავი ადამიანი, რომელსაც წლებია უყურებთ, იგივეს აკეთებს. იქნება ეს ჰილარი კლინტონი, სთეისი აბრამსი თუ სხვები. ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. მე არაფერი დამიშავებია," - განაცხადა დონალდს ტრამპმა.

ტრამპი ჯორჯიაში ნიუ ჯერსიდან საკუთარი თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჩასაბარებლად საღამოს გაემგზავრა. ფულტონის საგრაფოს ციხესთან, ბრალდებულის გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ ტრამპის მხარდამჭერები. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ამბობდნენ, რომ დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას ტრამპის წინააღმდეგ იყენებენ.

"ეს ამერიკაა. კედლები არ გვაქვს აღმართული. ხალხის უფლებაა, ეჭვი შეიტანოს არჩევნებში და თავისუფალ გარემოში იცხოვროს," - აღნიშნა ტრამპის მხარდამჭერმა.

"ჩვენი მთავრობა, ყველას თვალწინ იყენებს იარაღად მართლმსაჯულების სისტემას. ეს სიგიჟეა," - ამბობს ტრამპის მხარდამჭერი.

ჯორჯიის შტატის ოლქის პროკურორ ფანი უილისს დონალდ ტრამპის და კიდევ 18 ბრალდებულის ჩაბარების ბოლო ვადად, 2023 წლის 25 აგვისტო ჰქონდა დაწესებული. რამდენიმე ბრალდებული, მათ შორის რუდი ჯულიანი, მართლმსაჯულებას ტრამპზე ადრე ჩაბარდა და ჯორჯიის პოლიციამ მისი ფოტოც გამოაქვეყნა. ჯულიანი 150.000 დოლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

"თუ შეიძლება ეს დამმართნოდა მე, რომელიც ალბათ ყველაზე ნაყოფიერი პროკურორი და მერი ვარ ამერიკის ისტორიაში, მაშინ ეს შეიძლება თქვენც დაგემართოთ," - აღნიშნა რუდი ჯულიანმა.

დონალდ ტრამპი, ოლქის პროკურორს, ულტრამემარცხენე რადიკალს უწოდებს და ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი კუდიანებზე ნადირობაა.
მთავარი ბრალდება, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ჯორჯიის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და მისი შედეგების შესაცვლელად კონსპირაციას ეხება. ბრალდება 13 მუხლისგან შედგება, მათ შორისაა რეკეტი, თაღლითობა და ცრუ განცხადებები. წინასწარ იყო შეთანხმება, რომ ტრამპი ციხეში არ დარჩებოდა და მას გირაოს სახით 200.000 დოლარის გადახდას შეუფარდებდნენ.

დღის ამბები