07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
20 წუთით დაპატიმრებული ამერიკის 45-ე პრეზიდენტი და პატიმარ ტრამპის ფოტო პირადი ნომრით - როგორ დააღწია თავი ციხეს ყოფილმა პრეზიდენტმა

ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ფულტონის საგრაფოს ციხეში პატიმრის ნომერი - P-01135809 მიანიჭეს. ეს არის ყოფილი პრეზიდენტის "მაგშოთის" პირველი შემთხვევა შეერთებული შტატების ისტორიაში. მის დაპატიმრებას ტრამპმა ამერიკისთვის სამწუხარო დღე უწოდა.

ტრამპის გამოჩენას ფულტონის საგრაფოს ციხეში დილიდან ელოდებოდნენ, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიაში საღამოს გაემგზავრა. ატლანტის აეროპორტში მისი თვითმფრინავი 7 საათზე დაეშვა და ნახევარ საათში ექსპრეზიდენტის ესკორტი უკვე ციხესთან იყო. ტრამპს ფოტოს გადაღების გარდა, თითის ანაბეჭდებიც აუღეს. ადმინისტრაციული პროცედურები დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ციხესთან შეკრებილი ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ამბობდნენ, რომ მართლმსაჯულებას ტრამპის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ.

სხვა ბრალდებულები, მათ შორის ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, ჯორჯიის არჩევნების სისხლის სამართლის საქმეზე, მართლმსაჯულებას ტრამპზე ადრე ჩაბარდა. ჯორჯიის პოლიციამ, საქმეში ბრალდებულ თვრამეტივე მონაწილეს გადაუღო ფოტოები და რუსი ჯულიანისაც. ჯულიანის ფოტო რამდენიმე საათში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ციხე პროცედურების გავლის და 150 000 დოლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ დატოვა.

ყოფილმა პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 200.000$-ის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. ბრალდება, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ჯორჯიის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და მისი შედეგების შესაცვლელად კონსპირაციას ეხება. დასკვნა 13 მუხლისგან შედგება, მათ შორის არის რეკეტი, თაღლითობა და ცრუ განცხადებები. ტრამპმა, რომელიც "ტვიტერზე" დაბრუნდა, ჯორჯიის პოლიციის მიერ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს არის პირველი "ტვიტი", სოციალურ ქსელში 2021 წელს დაბლოკვის შემდეგ.

დღის ამბები