07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
დიპლომატიური თვალსაზრისით შემოდგომა ძალიან ნაყოფიერი გვექნება, უკვე ვამზადებთ ჩვენს საერთაშორისო ღონისძიებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი უკრაინის ოკუპაციას განაგრძობს. ოკუპანტების სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა, თუმცა ომში მყოფი ქვეყანა არ ნებდება, რასაც ტაქტიკური მიღწევებიც მოწმობს, მაგალითად ზაპოროჟიეში. უკრაინის თანადგომას განაგრძობს ცივილიზებული სამყაროც. ფინეთი დახმარების ახალი პაკეტისთვის ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატები კი მზად არის, ოქტომბრიდან F-16 ის პილოტების გაწვრთნა დაიწყოს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დიპლომატიური თვალსაზრისით შემოდგომა ძალიან ნაყოფიერი იქნება. 

"ყველა შეთანხმება, რომელიც პარტნიორებისგან ჩამოვიტანეთ, უკვე იმპლემენტირებულია. დიპლომატიური თვალსაზრისით შემოდგომა ძალიან ნაყოფიერი გვექნება, უკვე ვამზადებთ ჩვენს საერთაშორისო ღონისძიებებს. ახალ ნაბიჯებს ვდგამთ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ვესაუბრე ჯო ბაიდენს, გვაქვს ახალი უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომ ამერიკა შეუერთდება F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების გაწვრთნას. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას კი, განვიხილეთ ვითარება შავ ზღვაზე, რუსეთის მადესტაბილიზირებული შეტევები რეგიონში. ეს გლობალურ უსაფრთხოებაზე დარტყმაა - ემსახურება კრიზისების შექმნას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თურქეთთან ერთად ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეგვიძლია აღვადგინოთ უსაფრთხოება და დარწმუნებული ვარ მეტსაც ვიზამთ." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევგენი პრიგოჟინის შესახებ განცახდება გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა. მისი თქმით, მიიჩნევს, რომ "ვაგნერის" დაჯგუფების ლიდერის სიკვდილი ომის მსვლელობაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ვაგნერის დაჯგუფება ფაქტობრივად აღარც არსებობს.

"პრიგოჟინის სიკვდილი ადასტურებს, რომ პუტინის ნდობა არ ღირს. მან მსოფლიოს აჩვენა, რომ თუ ვინმესთან შეთანხმებას აღწევს, არღვევს კიდეც მას. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ნდობა აღარ შეიძლება. ეს უბრალოდ განგსტერული ქცევაა. კრემლი იქცევა, როგორც განგსტერი, როგორც კრიმინალი. რაც შეეხება ვაგნერს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა ისინი განადგურებულები არიან. მივიჩნევ, რომ "ვაგნერის" დაჯგუფების ლიდერის სიკვდილი ომის მსვლელობაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ვაგნერის დაჯგუფება ფაქტობრივად აღარც არსებობს. პრიგოჟინის სიკვდილმა რეალურად პუტინი დაასუსტა," - ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.

დღის ამბები