07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
პუტინმა "ვაგნერის" გადაფორმება დაიწყო - ევგენი პრიგოჟინის საეჭვო და ჯერ კიდევ სავარაუდო სიკვდილის შემდეგ, კრემლმა მის მებრძოლებს სახელმწიფოს ერთგულების ფიცის დადება უბრძანა

პუტინმა "ვაგნერის" გადაფორმება დაიწყო. ევგენი პრიგოჟინის საეჭვო და ჯერ კიდევ სავარაუდო სიკვდილის შემდეგ, კრემლმა მის მებრძოლებს სახელმწიფოს ერთგულების ფიცის დადება უბრძანა. თან ხელმოწერით, რომ დოკუმენტს იურიდიული ფასი ჰქონდეს.

ფიცის თანახმად, "ვაგნერელებს" მეთაურის მითითებების მკაცრი შესრულება ევალებათ - ასე კრემლს მათი კონტროლის საშუალებაც მიეცა. ჯერ კიდევ გუშინ დაქირავებულ მებრძოლთა დიდი ნაწილი, მითითებებს დაჯგუფების შიგნიდან ელოდა, თუმცა უკვე დღეს იმის გააზრება მოუხდათ, რომ ორივე დამფუძნებელი, მამა და მეთაური - პრიგოჟინიც და უტკინიც გვერდით აღარ ეყოლებათ.

პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებები ჯერ კიდევ დუმილს ინარჩუნებენ. დღეს სიახლე მხოლოდ ის იყო, რომ საგამოძიებო კომისიამ პრიგოჟინის ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ნაპოვნი 10 ცხედრის ამბავი ოფიციალურად დაადასტურა და ისიც თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე 4 შავი ყუთი იპოვეს. ამ დრომდე ოფიციალურ დონეზე არავის უთქვამს სიტყვები: "დაიღუპა ევგენი პრიგოჟინი", მიუხედავად ამისა ლიტერატურულ მაღაზიებში, მისი საავტორო ზღაპრების წიგნის ფასი, პუშკინის ზღაპრების ფასს გაუტოლდა. ამასთან, რუსეთში ქაოსურად ჩნდება "ვაგნერის" მეთაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები. უკრაინაში კი სჯერათ, რომ პრიგოჟინის გზიდან მოშორება მხოლოდ პუტინს თუ დააზიანებს, რადგან თავად უკრაინამ ვაგნერი დიდი ხნის წინ მოიშორა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი კმაყოფილია იმ კონტრშეტევებით, რომლითაც მიმდინარე კვირაში კიევმა მნიშვნელოვანი შედეგი დადო. სამხრეთ-აღმოსავლეთით მათ ტაქტიკური წინსვლა აქვთ. ზაპოროჟიეში, რუსეთის პირველი თავდაცვითი ხაზის გარღვევა და ყირიმში, რუსულ ფლოტზე შედეგიანი დარტყმა საბრძოლო სულს ამაღლებს, თუმცა მოდუნების დრო არ არის. პარტნიორები უკრაინას აფრთხილებენ, რომ რუსეთი მომდევნო 2 თვეში კუპიანსკსა და ლიმანზე თავდასხმისთვის იკრებენ ძალას. ცივი და სველი სეზონის მოსვლა კი უკრაინის კონტრიერიშების წარმატებისთვის შესაძლებლობების ფანჯარას დახურავს, ამიტომ, დარჩენილ დროში მაქსიმალური შედეგი უნდა დაიდოს.

მუშაობას აგრძელებს უკრაინული დიპლომატიაც. იზრდება "მშვიდობის ფორმულის" მხარდამჭერებიც და უსაფრთხოების გარანტორებიც. ზელენსკი ესაუბრა ვაშინგტონს, სათქმელი გაუგზავნა ანკარას და ახლა დიდი ყურადღებით ელოდება ერდოღანი-პუტინის შეხვედრას, რომელსაც კრემლის ინფორმაციით, სულ მალე ვიხილავთ. მანამდე კი პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს აქტიური სეზონისთვის ამზადებს.

კრიზისამდე ჯერ არ მისულა, თუმცა მოსკოვის მერი დრონების თვლას ვერ აუდის. უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში დღესაც მოიგერიეს, ამჯერად არც დაზიანებაზე და არც მსხვერპლზე ინფორმაცია არ არის. თუმცა ცნობილია, რომ მოსკოვის აეროპორტებს ამის გამო 20 რეისის შეფერხება მოუხდათ.

დღის ამბები